რომანომ დაადასტურა - ჰენდერსონი ალ ეტიფაქის ფეხბურთელია
საუდის არაბეთი ევროპიდან ფეხბურთელების წაყვანას აგრძელებს. ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერებოდა ჰენდერსონის შესახებ. „ალ ეტიფაქი“ ინგლისელი ნახევარმცველის შეძენას ცდილობს. ამის ინიციატორი კი სტივენ ჯერარდია, რომელიც არაბულ კლუბს სულ ცოტა ხნის წინ ჩაუდგა სათავეში.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ჰენდერსონი არაბულ კლუბს შეუთანხმდა. მერსისაიდელთა უკვე ყოფილმა კაპიტანმა ახალ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით კონტრაქტის სხვა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელი მერსისაიდულ გრანდს 2011 წელს შეუერთდა. 2011 წლიდან დღემდე, ჰენდერსონმა „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 492-ჯერ მოირგო, 33 გოლი გაიტანა და 61 საგოლე გადაცემა შეასრულა.