კლუბზე მაღლა არავინ დგას | ალ-ხელაიფი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებს შეხვდა
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი კლუბის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და ფეხბურთელებს მიმართა. ამ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს და იმ დეტალებზეც წერს, რომლებზეც ყურადღება ალ-ხელაიფიმ გაამახვილა.
პარიზელთა პრეზიდენტი გუნდის ახალი თავკაცის, ლუის ენრიკეს პირველ გუნდურ ვარჯიშს დაესწრო. ალ-ხელაიფი ფეხბურთელთა წინაშე წარდგა და განაცხადა, რომ კლუბზე მაღლა არავინ დგას. მან მოთამაშეებს უთხრა, რომ ცუდი სამუშაოს შემთხვევაში, თავის გასამართლებელი მიზეზი არ ექნებათ.
მიმართვის შემდეგ, იგი 6 ფეხბურთელს ინდივიდუალურად გაესაუბრა. ალ-ხელაიფი მილან შკრინიარს, მარკო ასენსიოს, მანუელ უგარტეს, ლუკა ერნანდესს, ლი კან ინსა და შერ ნდურს დაელაპარაკა. კილიან მბაპესთან ინდივიდუალური საუბარი არ შემდგარა და მასთან მიმართებით კლუბის პოზიცია არ იცვლება.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ში ფორსმაჟორული სიტუაცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც მბაპემ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. 24 წლის შემტევს არსებული კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, რის გამოც დიდი შანსია, რომ პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. პარიზელებს კი სურთ, რომ ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაყიდონ.