„სად გარბიხარ?“ | თოფურიამ ვოლკანოვსკის მიმართა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ხელზე ოპერაცია გაიკეთა და ისლამ მახაჩევის პოსტს გამოეხმაურა. მახაჩევმა ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ლეონ ედვარდსი გამოიწვია და მასთან ბრძოლის სურვილი გამოხატა.
„გარბიხარ ძმაო, ჩემთან ჩხუბი არ გინდა“, - განაცხადა ვოლკანოვსკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. „ვოლკის“ სიტყვები უყურადღებოდ არ დაუტოვებია ილია თოფურიას, რომელმაც ჩემპიონს მიმართა: „და შენ სად გარბიხარ?“
and where are YOU running? https://t.co/lhhT7kUYFQ
— Ilia Topuria (@Topuriailia) July 19, 2023
ცნობისთვის, ვოლკანოვსკის მწვრთნელის, ჯო ლოპესის მიხედვით, ოპერაციის გამო, ალექსი ვარჯიშს 6-8 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ლოპესი და მისი გუნდი რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ და სავარაუდო მეტოქეებს შორის თოფურიას, ისლამ მახაჩევსა და ალჯამეინ სტერლინგს მოიაზრებენ.
ვოლკანოვსკიმ ბოლო ბრძოლა იაირ როდრიგესის წინააღმდეგ გამართა და იგი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ჩხუბის შემდეგ, ალექსი არიელ ჰელვანის გაესაუბრა და განაცხადა, რომ „ელ მატადორთან“ ბრძოლის გამართვა სურს. ვოლკანოვსკიმ ილიას სთხოვა, მაქს ჰოლოუეის არ ეჩხუბოს და მომდევნო ბრძოლა მასთან ჰქონდეს.