თბილისის დინამო, ასტანა, ფარხადბეკ ირისმეტოვი
Aa
Aa

ასტანა უფრო მაღალი დონის გუნდია, მაგრამ ორივე გუნდს 1 პრობლემა აქვს

ყაზახეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფარხადბეკ ირისმეტოვმა, რომელიც ამჟამად ყაზახეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „ტურანს“ წვრთნის, ადგილობრივ Sports-თან თბილისის „დინამოსა“ და „ასტანას“ საპასუხო დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მისი აზრით, „ასტანა“ უფრო გამოცდილი და უფრო სოლიდური გუნდია, თუმცა „დინამოს“ კარგ გუნდად მიიჩნებს და თბილისური გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლას სენსაციად არ მიიჩნევს. ასევე, ირისმეტოვი აღნიშნავს, რომ ორივე გუნდს ერთი პრობელმა აქვს, რაც მომენტების დაბალ რეალიზებში გამოიხატება.

ფარხადბეკ ირისმეტოვი: „ვფიქრობ, ორი მატჩის ჯამში „ასტანა’’ შემდეგ ეტაპზე გავა. ყაზახეთის ჩემპიონს ევროპულ ტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ჩემი აზრით პირველ შეხვედრაში „ასტანა’’ უკეთ გამოიყურებოდა, უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, უფრო ოსტატური და უფრო სოლიდური გუნდია, შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეს. ასევე, საერთაშორისო დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, რაც ევროპული ტურნირის ორრაუნდიან დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ასტანაში თანაბარი თამაში იყო, მოგება ორივე გუნდს შეეძლო. „ასტანას“ საგოლე მომენტების რეალიზებაზე მუშაობა სჭირდება, „დინამოს'' მსგავსად გოლის გატანის ბევრი მომენტი ჰქონდა. რეალიზების პრობლემა ორივე გუნდის თამაშში ჩანდა, ეს აშკარა იყო“.

ამ სიტყვების მიუხედავად ფარხადბეკ ირისმეტოვი აღნიშნავს, რომ თუ „დინამო“ შემდეგ ეტაპზე გავა, ეს სენსაცია არ იქნება: „არ ვფიქრობ, რომ „დინამოს’’ შემდეგ ეტაპზე გასვლა სენსაცია იქნება. „დინამო’’ ძალიან კარგი ოპონენტია, ძალიან მდიდარი ისტორიით’’.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანა“ - თბილისის „დინამოს“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი 19 ივლისს, „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები