ლა ლიგა, ჩავი ერნანდესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლა ლიგამ ბარსელონა ისევ დაბლოკა - კლუბი მოთამაშეებს ვერ არეგისტრირებს

ლა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე „ბარსელონა“ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ცნობილი ესპანური გამოცემა COPE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ გუნდის ახალწვეულების დარეგისტრირებას ვერ ახერხებს.

საქმე ეხება ილქაი გიუნდოგანს, ინიგო მარტინესსა და ორიოლ რომეუს. ასევე, კლუბი ვერ შეძლებს ისეთი მოთამაშეების დარეგისტრირებას, რომლებმაც კონტრაქტები გასული სეზონის დასრულების შემდეგ განაახლეს, ასეთი კი სამი ფეხბურთელია: სერხი რობერტო, რონალდ არაუხო და მარკოს ალონსო.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ახალი სეზონისთვის შეძლო დარეგისტრირება, გავია, თუმცა ახალგაზრდა ესპანელი ჯერ კიდევ ელოდება იურიდიულ დასტურს. შესაბამისად, ლა ლიგის სეზონი ხვალიდან რომ იწყებოდეს, „ბარსელონას“ თითქმის განახევრებული შემადგენლობით მოუწევდა მოედანზე გასვლა, თუმცა, ჩავის გუნდს პრობლემების მოსაგვარებლად რამდენიმე კვირა აქვს.

ესპანურ მედიაში წერენ, რომ ჟოან ლაპორტას ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად 60 მილიონი ევროს ოდენობით მოუწევს ბიუჯეტის გამოთავისუფლება. ხელფასების დაკლების გარდა, აუცილებელი იქნება რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვაც. ამის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ანსუ ფატის მოიაზრებენ, რომელსაც „ბარსელონა“ 50 მილიონ ევროდ აფასებს. ასევე, იწერება კესის, ფერან ტორესის, ლენგლესა და ერიკ გარსიას შესაძლო გაყიდვების შესახებაც. ამ ფეხბურთელების გაყიდვის შემთხვევაში, „ბლაუგრანა“ 160 მილიონ ევრომდე შემოსავალს ნახავს, რაც დიდწილად, კლუბში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს და შესაძლოა, ხელფასების დაკლებაც აღარ გახდეს საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ახალი სეზონი 11 აგვისტოდან დაიწყება, „ბარსელონას“ კი პირველი შეხვედრა 13 აგვისტოს, სტუმრად „ხეტაფესთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია A ჩემს გადასვლამდე მკვდარი იყო“ - რონალდუს ინტერვიუ
„სერია A ჩემს გადასვლამდე მკვდარი იყო“ - რონალდუს ინტერვიუ