იტალიელი ჟურნალისტი: „კვარაზე მიჯაჭვული ვარ, ასე არასდროს ვყოფილვარ“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, პაოლო დელ ჯენიომ, რომელიც ამავდროულად „ნაპოლის“ ცნობილი გულშემატკივარიცაა, რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნიუკასლის“ გრანდიოზულ შეთავაზებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი მას არ გაჰყიდის.
რას ამბობს დელ ჯენიო:
კვარაცხელია ნიუკასლში? მახსოვს, შარშან კულიბალის გაყიდვის დროს, სპალეტი როგორ იყო მიჯაჭვული ფეხბურთელზე, თუმცა ის მაინც გაყიდეს. ზოგადად, არცერთ მოთამაშეზე ასეთი მიჯაჭვულობის მომხრე არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა, კვარაცხელიას შემთხვევაში აღმოვჩნდი მსგავს სიტუაციაში. მასზე მიჯაჭვული ვარ, რადგან გუნდში ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა.
რატომ ვიყენებ ამ ფრაზას, რომელიც არასდროს გამომიყენებია? ხალხის გასაგებად. ზოგი ისეთ ფეხბურთელებთანაა მიჯაჭვული, რომლებიც ამას არ იმსახურებენ, მე კი მინდა ხალხმა იცოდეს, ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდისთვის. მოდით, კიდევ ერთი წელი გავატაროთ კვარასთან და ოსიმენთან ერთად, რადგან მათი წყალობით ჩვენ სკუდეტოს ფავორიტები ვიქნებით. სპალეტი ფენომენია, დე ლაურენტისი ძალიან კარგია, ჯუნტოლიმაც დიდი სამუშაო გასწია, მაგრამ ამ ორმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის მოგებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. „ნაპოლი“ ბევრ მატჩში დომინირებდა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ასე სწორედ მათი წყალობით ხდებოდა. ისინი არსაიდან ქმნიდნენ საგოლე მომენტებს.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნიუკასლმა“ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ „ნაპოლის“ 95 მილიონი შესთავაზა. საგულისხმოა, რომ ეს თანხა, ინგლისური კლუბის ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო ფასია. „ნაპოლის“ პრეზიდენტს ამ შეთავაზებაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა, იწერება, რომ აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას გაყიდვაზე უარს იტყვის და ქართველ ფეხბურთელს მინიმუმ 1 სეზონით შეინარჩუნებს.