„ტვინი გამოურეცხეს“ | დელე ალის ოჯახის წევრის პასუხი მის ინტერვიუზე
ინგლისელმა ფეხბურთელმა, დელე ალიმ, რამდენიმე დღის წინ, ინტერვიუ ჩაწერა და საკუთარ პრობლემებზე გულახდილად ისაუბრა. ალიმ განაცხადა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, საძილე აბებზე იყო დამოკიდებული და სარეაბილიტაციო ცენტრში 6 კვირის გატარება მოუწია. დელემ ბავშვობაც გაიხსენა, აღნიშნა, რომ 7 წლის ასაკში, აფრიკაში გაგზავნით დასაჯეს, 12 წლის ასაკში კი ერთ-ერთმა ოჯახმა იშვილა.
ალის ინტერვიუს შემდეგ, ნიგერიულ გამოცემას, OJB Sport-ს ინგლისელი ფეხბურთელის ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაუკავშირდა და მის სიტყვებს სრული სიცრუე უწოდა. მისი თქმით, ალი არასდროს არავის უშვილებია და აფრიკაში გაგზავნა სასჯელი არ ყოფილა.
„დელე არასდროს არავის უშვილებია და 7 წლის ასაკში, ნიგერიის დედაქალაქ ლაგოსში მდებარე ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში დადიოდა. აფრიკაში დასასჯელად არავის გაუგზავნია და ეს სრული სიცრუეა. მას მძღოლი ჰყავდა, რომელიც სკოლის შემდეგ აკითხავდა. დოკუმენტები და სურათები გვაქვს, რომ დელეს მამა ჰყავს. მას უბრალოდ ტვინი გამოურეცხეს“.
საინტერესოა, რომ 2018 წელს, ინგლისელი ფეხბურთელის ბიოლოგიურმა დედამ Mirror-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა: „როცა დელე 13 წლის იყო, მილტონ კეინ დონსში დაიწყო ვარჯიში. კვირაში 5 დღე ვარჯიშობდა და საუკეთესო მეგობრის სახლში რჩებოდა, რადგან სტადიონზე მისვლა უმარტივდებოდა, შაბათ-კვირას კი სახლში მოდიოდა. მანქანა არ გვყავდა და მისი ვარჯიშზე მიყვანა მიჭირდა“.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ ინტერვიუში, ალის დედამ თქვა, რომ ალკოჰოლიკი არ ყოფილა და ეს სრული ტყუილია. მას უნდოდა, საკუთარი შვილისთვის საუკეთესო ცხოვრება მიეცა და გააკეთა ის, რაც საჭირო იყო.