თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს | ვაკოს აღიარება სამხრეთ კორეაში
„ულსან ჰიუნდაის“ შემტევი, ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში გამოარჩიეს. ქართველმა ფეხბურთელმა ივნისში ფენომენალურად იასპარეზა და ვაკომ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც დაისაკუთრა.
„ულსან ჰიუნდაიმ“ სამხრეთ კორეის K ლიგის ეგიდით, ივნისში 4 შეხვედრა გამართა და „დაეგუს“, „ჯეჯე იუნაიტედს“, „სუვონსა“ და „ჯეონბუკს“ დაუპირისპირდა. ვაკომ „ჯეჯე იუნაიტედის“ წინააღმდეგ დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, „დაეგუსთან“ დუბლი გაიფორმა, ხოლო სუვონთან 1 გოლს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ „ულსან ჰიუნდაი“ სამხრეთ კორეის K ლიგის ლიდერია. 23 ტურის შემდეგ, ვაკოს გუნდს 53 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზე იმყოფება. „ულსან ჰიუნდაი“ მეორეადგილოსან „პოჰანგს“ 12 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრა 21 ივლისს, „ჯეჯე იუნაიტედის“ წინააღმდეგ ელის.