სოლომონ კვერკველია, რობერტო დონადონი, ზურაბ ცისკარიძე, რევაზ ძოძუაშვილი
Aa
Aa

უცნობი ქართული გოლი საუდის არაბეთში - ძოძუაშვილი დონადონისთან

საუდის არაბეთის უმაღლეს ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სოლომონ კვერკველია ითამაშებს. მან კონტრაქტი „ალ-ოხდუდთან“ გააფორმა. აღნიშნული კლუბი უმაღლეს ლიგაში გასულ სეზონში აღზევდა და შემდეგ სეზონს ელიტარულ ჩემპიონატში გაატარებს. 15 სექტემბერს, სოლომონ კვერკველიას გუნდი შინ კარიმ ბენზემას „ალ-იტიჰადს“ შეხვდება, 23 ნოემბერს კი სტუმრად კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრს“ დაუპირისპირდება.

ქართველები საუდის არაბეთში

შესაძლოა, ბევრისთვის ცნობილი არაა, 1999 წელს „ალ-იტიჰადის“ მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა. მაშინ როცა ქართველი სპეციალისტი ლატვიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და ამავდროულად რიგის „სკონტოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, „ალ-იტიჰადის“ პრეზიდენტისგან, აჰმედ მაჰსუდისგან წინადადება მიიღო. არაბული კლუბის პრეზიდენტი იმ სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც რიგის „სკონტო“. როგორც რუსულ Sport Express-ზე ვკითხულობთ, რევაზ ძოძუაშვილისა და აჰმედ მაჰსუდის შეხვედრა ამ სასტუმროში მოხდა. ამ პერიოდში რიგის „სკონტო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობდა, თუმცა ამ წინადადების მიღების შემდეგ ძოძუაშვილი არაბეთში წავიდა, სადაც 4 თვე იმუშავა.

აღსანიშნავია, რომ რევაზ ძოძუაშვილი არაბულ კლუბში ცნობილ იტალიელ ფეხბურთელს, რობერტო დონადონის წვრთნიდა. დონადონიმ კარიერა სწორედ ამ კლუბში დაასრულა. ძოძუაშვილის გუნდიდან წამოსვლის შემდეგ „ალ-იტიჰადი“ საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა.

2006 წლის მუნდიალის შემდეგ მარჩელო ლიპი დონადონიმ შეცვალა, რომელიც იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა.

„ალ-იტიჰადში,“ რომელსაც რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდა, კარიმ ბენზემა და ნ'გოლო კანტე გადავიდნენ.

კვირკველიას გადასვლამდე საუდის არაბეთის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია, 2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარში ზურაბ ცისკარიძემ „ალ-ჰაზემში“ 16 მატჩი ჩაატარა (13 - უმაღლესი ლიგა, 2 - ფლეი-ოფი).

ცისკარიძემ, რომელიც ამჟამად 36 წლისაა და შვედეთის რანგით მე-4 ლიგაში თამაშობს, საუდის არაბეთის ჩემპიონატში 1 გოლი გაიტანა, 26-ე ტურში „ალ-ჰილალს“ გაუტანა, რომლის შემადგენლობაში სებასტიან ჯოვინკო, ბაფეტიმბი გომისი და ჯონათან სორიანო თამაშობდნენ. ცისკარიძის გოლით ანგარიში 2:0 გახდა, თუმცა მეორე ტაიმში ბაფეტიმბი გომისმა დუბლი შეასრულა, გამარჯვების გოლი კი 90-ე წუთზე ჯონათან სორიანომ შეაგდო.

ამ სეზონში ცისკარიძის გუნდის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზე გავიდა, საფლეიოფო დაპირისპირება მოიგო და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ცისკარიძემ „ალ-ჰაზემის“ რიგებში 1 შეხვედრა საუდის არაბეთის თასზე, King Cup-ზე (მეფის თასი) ჩაატარა.

ზურაბ ცისკარიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, რუმინეთთან სადებიუტო მატჩში საგოლე პასი შეასრულა, ესპანეთთან სტუმრად მოგებულ შეხვედრაში 78-ე წუთიდან ითამაშა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები