ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა სომხეთს მეორე ამხანაგურიც მოუგო
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში ირის ანტმანის გუნდმა მეტოქეს 3:1 სძლია.
სომხეთის ნაკრების კარში გოლები თეონა ბაქრაძემ, ნათია დანელიამ და თინათინ ამბალიამ გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ნაკრებთან 13 ივლისს ჩატარებული პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრებმა 5:0 მოიგო.
სომხეთის ნაკრებთან ჩატარებული ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის გათამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. უახლოეს ოფიციალურ მატჩებს ჩვენი გუნდი სექტემბერში, თურქეთის და ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.