„ძალიან იმედგაცრუებული ვარ“ - მაგუაიერს კაპიტნობა ჩამოართვეს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ჰარი მაგუაიერს გუნდის კაპიტნობა ჩამოართვა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და იმედგაცრუება ვერ დამალა.
რას წერს მაგუაიერი:
დღევანდელი საუბრისას მთავარმა მწვრთნელმა მითხრა, რომ კაპიტანს ცვლის. მან თავისი მიზეზებიც გამიზიარა და იმის მიუხედავად, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, გავაგრძელებ მაქსიმუმის გაღებას ყოველ ჯერზე, როცა გუნდის მაისურს ჩავიცვამ.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრებს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელიც გამიწიეს, როცა სამკლავური მეკეთა.
კაპიტანი სამწელიწადნახევრის წინ გავხდი და იმ დღიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტნობა უდიდესი პრივილეგია და სიამაყის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. ეს საკლუბო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ „იუნაიტედი“ წარმატებული ყოფილიყო როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთაც.
ყოველთვის მადლობელი ვიქნები ოლე-გუნარ სულშერის, რომელმაც პირველმა დამაკისრა ეს პასუხისმგებლობა. წარმატებას ვუსურვებ მას, ვინც ახლა მოირგებს ამ დროს და მას ყოველთვის დავუჭერ მხარს.
საგულისხმოა, რომ ამ ინფორმაციამდე ბრიტანულ მედიაში იწერებოდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად იყო ჰარი მაგუაიერი 50 მილიონ ფუნტად გაეყიდა, მისი ყიდვის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად კი ლონდონური „ვესტ ჰემი“ მოიაზრება, რომელიც მზადაა ფეხბურთელი დღესვე 30 მილიონ ფუნტად შეიძინოს. შეგახსენებთ, რომ მაგუაიერი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2019 წლის ზაფხულში „ლესტერიდან“ 80 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა.