ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი, მაურო მელუზო
Aa
Aa

„გადაწყვეტილება 20 წამში მივიღე“ - ნაპოლიმ ახალი სპორტული დირექტორი წარადგინა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიას ცოტა ხნის წინ გუნდის ახალი სპორტული დირექტორი, მაურო მელუზო წარუდგინა.

თავის მხრივ, 58 წლის სპეციალისტმა მედიის წარმომადგენლებისთვის ვრცელი ბრიფინგი გამართა და ნეაპოლში ჩამოსვლის მიზეზებზე დეტალურად ისაუბრა. მაურო მელუზომ ჟურნალისტებს თავისი ხედვებიც გააცნო.

რა თქვა მელუზომ ბრიფინგზე:

დე ლაურენტისმა 13 ივლისს დამირეკა და მთხოვა შევხვედროდი. რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად გავიქეცი ნეაპოლში. ლანჩამდე შევხვდით და ბევრი ვისაუბრეთ. მან საკმაოდ ბევრი შეხვედრა დამისვა იმის მიუხედავად, რომ აქამდეც არაერთხელ შევხვედრილვართ და კარგად მიცნობდა. ეს ბუნებრივია, რადგან მას სურდა, რომ თავისი არჩევნის დროს ყველა დეტალი მაქსიმალური სიზუსტით გაეთვალისწინებინა. საუბრის შემდეგ ვისადილეთ მის ქალიშვილთან და ანტონიო სინიკროპთან ერთად, შემდეგ კი დე ლაურენტისმა ქაღალდი ამოიღო და მომაწოდა. როცა დავხედე, ვნახე, რომ კონტრაქტი იყო. ზუსტად 20 წამში მოვაწერე ხელი. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი თავგადასავალი.

დარჩება, თუ არა ოსიმენი? ახლახან ჩამოვედი და რიგ საკითხებში გასარკვევად გარკვეული პერიოდი დამჭირდება. რაც ახლა შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ვიქტორი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ის სერია A-ში ბევრ განსხვავებას ქმნის და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თუმცა, როგორც გითხარით ახლახან მოვედი და ყველაფერში ნელ-ნელა გავერკვევი.

ჩემი როლი გუნდში? მჯერა, რომ დე ლაურენტისთან ერთად დიდ კამპანიაში ვიმუშავებ. პრეზიდენტისგან სრული თანადგომა დავინახე. ახლა კლუბის სხვა წარმომადგენლებს შევხვდები, გავცვლით იდეებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. მათ შორის კიმის შემცვლელის საკითხზეც. რა თქმა უნდა, მისი ჩანაცვლება მარტივი არ იქნება, თუმცა, სწორედ უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებების მიღებაში მთავარი დე ლაურენტისი იქნება. როდესაც მას ვესაუბრე, მითხრა, რომ ყველაფერში ჩემს გვერდით იქნება - არამარტო სატრანსფერო ბაზარზე, არამედ შიდა ურთიერთობებშიც. ეს არის კლუბი, რომელმაც გასულ სეზონში მოიგო სკუდეტო, შეიცვალა სპორტული დირექტორი და მწვრთნელი. ამიტომ, შიდა სამუშაოები ჩასატარებელი იქნება და დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერი თავდაყირა არ დადგეს. გარკვეული ფეხბურთელების ჩანაცვლებაზე უნდა ვიმუშაოთ, იქნება გარკვეული სტრატეგიები, რომელსაც საიდუმლოდ დავიტოვებ.

გუნდის ბირთვის შენარჩუნება? რაც შეეხება გუნდს, ის სუპერგუნდია, რომელმაც სერია A 20-ქულიანი უპირატესობით მოიგო. ბუნებრივია, მე ყველას შენარჩუნება მსურს, მაგრამ ჯერ შინაგანი დინამიკა უნდა დავინახოთ. ეს დინამიკა ბევრი რამისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მიზანი იქნება, რომ „ნაპოლი“ კვლავ კონკურენტუნარიან გუნდად დარჩეს. კოლექტივს ჯერ არ ვიცნობ და მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველას გავიცნობ. იმედი მაქვს ყველა ერთად გავძლიერდებით და განვვითარდებით. მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ჩემი სურვილი იქნება „ნაპოლი“ კვლავ უმაღლეს დონეზე დარჩეს.

სად შემიძლია ყველაზე დიდი სარგებლის მოტანა? არ ვიცი, ვნახოთ. ფეხბურთში ბავშვობიდან ჩართული ვარ და ყველა დონეზე მითამაშია. თითქმის 59 წლის ვარ და გამოცდილებას არ ვუჩივი. ტრავმების გამო თამაში ნაადრევად შევწყვიტე, ამ საქმიანობას კი 1997 წლიდან ვეწევი. მუშაობა დაბალ კატეგორიაში დავიწყე და სერია A-ში წარმატებას „ლეჩესთან“ და „სპეციასთან“ ერთად მივაღწიე. ეს უფრო დიდი ამბიციებისკენ მიბიძგებს და დიდ მოტივაციას მაძლევს.

კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელების აღმოჩენა? გასულ სეზონში „ნაპოლის“ სკაუტინგმა ბრწყინვალედ იმუშავა და რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურია. ბოლო პერიოდში ვმოგზაურობდი არგენტინაში, ბრაზილიაში, თურქეთში... კიმის თამაში ფენერბაჰჩეში საკუთარი თვალით ვნახე და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. კვარას შესახებ არ ვიცოდი და ის ნამდვილი სიურპრიზი იყო. გაჩერებას არც ახლა ვაპირებ და მიზანი არ შეიცვლება. ახალგაზრდა ტალანტების ძებნა უნდა გავაგრძელოთ, მათ შორის შედარებით უცხოების. ისეთი ფეხბურთელის აღმოჩენა, რომელსაც აფეთქება შეუძლია, მნიშვნელოვანია როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვის და თავად ამ ფეხბურთელისთვის.

ცნობისთვის, მაურო მელუზო „ლაციოს“ აკადემიის აღზრდილია და პროფესიონალური კარიერის დროს „ლაციოში“, „კრემონეზეში“ და კიდევ მრავალ სხვა იტალიურ გუნდში თამაშობდა, საფეხბურთო კარიერა კი 1995 წელს დაასრულა და მენეჯმენტში გადაინაცვლა, სადაც „ლეჩესა“ და „სპეციაში“ სპორტულ დირექტორად მუშაობდა. „ნაპოლიში“ ამ თანამდებობაზე მან კრისტიანო ჯუნტოლი ჩაანაცვლა, რომელიც სამუშაოდ ტურინის „იუვენტუსში“ წავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზაფხულის მთავარი ტრანსფერი იქნება“ - SPORTbible კვარასა და ნიუკასლზე
„ზაფხულის მთავარი ტრანსფერი იქნება“ - SPORTbible კვარასა და ნიუკასლზე