ლუკაკუ და იუვე შეთანხმდნენ - ბელგიელი ტურინში მიდის
29 წლის ბელგიელმა თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ კარიერა შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელოს.
ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც ლუკაკუ ერთ სეზონში ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს მიიღებს.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ „ბიანკონერი“ ბელგიელ შემტევთან მოლაპარაკებებს მიმდინარე წლის მარტიდან აწარმოებს და დუშან ვლაჰოვიჩის წასვლის შემთხვევაში, მას სერბი ფეხბურთელის მთავარ შემცვლელად მოიაზრებს.
იტალიური გამოცემა ამტკიცებს, რომ „ინტერმა“ ლუკაკუს გამოსყიდვაზე „ჩელსისთან“ მოლაპარაკებები სწორედ ამის გამო შეწყვიტა.
გარიგების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, „იუვენტუსს“ ლონდონური კლუბისთვის 40 მილიონამდე ევროს გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუ ამ დრომდე „ჩელსის“ საკუთრებაა, გასულ სეზონში კი იჯარის წესით „ინტერში“ თამაშობდა.