მამაცი ოპონენტები - სლოვაკმა სპეციალისტმა დილაზე ისაუბრა
77 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა კაროლ პეჩემ, რომელიც სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლებში თურქეთის სუპერლიგის გუნდებს წვრთნიდა, „დუნაისკა სტრედასა“ და გორის „დილას“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
კაროლ პეჩე: „გორის „დილა“ ტაქტიკური კუთხით შესანიშნავად მომზადებული იყო. ასევე, სტუმრები დამაჯერებელნი იყვნენ ტექნიკური თვისებების გამოვლენაში. ისინი იყვნენ მამაცი ოპონენტები! და ჩვენ? ერთ ადგილს ვტკეპნით. ქართულ გუნდს მატჩის ფრედ დასრულება შეეძლო.
ვფიქრობდი, „დუნაისკა სტრედა“ 2-ბურთიანი უპირატესობით მოიგებდა, თუმცა ტაიმის მიწურულს გოლი გაუშვა, რომელიც მეკარის ფეხიდან გავიდა.
არ მინდა უხეშად ვთქვა, მაგრამ ლუქსემბურგული, ესტონური თუ ქართული გუნდები განსაკუთრებული წარმატებით არ გამოირჩეოდნენ, თუმცა ვფიქრობ, პროგრესი აჩვენეს, ჩვენთან კი სტაგნაციაა''.
ასევე გეტყვით რომ ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი „დილას“ შესახებ არჩილ არველაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ისაუბრა: „ტაში მინდა დავუკრა გორელებს, ყოველ წელს ახალ გუნდს აკეთებენ და მებრძოლი გუნდი ჰყავთ. კოვტალიუკის გოლმა გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეუნარჩუნა. „დილას“ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია“.
„დუნაისკა სტრედა“ - გორის „დილას“ მატჩის გოლები
UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დუნაისკა სტრედამ“ შინ გორის „დილა“ 2:1 დაამარცხა. საპასუხო მატჩი გორში 20 ივლისს გაიმართება, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.