შოთა არველაძე, თბილისის დინამო, ბათუმის დინამო, გაბრიელ სიგუა, არჩილ არველაძე
Aa
Aa

არველაძე: სიგუა დიდ ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ ყველა მატჩის მოგებას ნუ მოვთხოვთ

არჩილ არველაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ქართული კლუბების ევროპულ ტურნირებზე გამოსვლაზე ისაუბრა. მისი აზრით, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვთ. მან ხაზი ბათუმის „დინამოს“ სტაბილურობას გაუსვა, რომ აჭარული კლუბი ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას ახერხებს და 2-3- მოთამაშის წასვლა გუნდის ტაქტიკაზე არ აისახება.

არჩილ არველაძე: „ბათუმის „დინამოს“ წარმატებას განაპირობებს ის, რომ ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად თამაშობენ, ამ გუნდმა დიდი ხანია იცის, რა უნდა გააკეთოს. ერთი და ორი ფეხბურთელის წასვლა ბათუმის „დინამოს“ ხელს არ უშლის, რომ ამ გუნდმა თავისი სახე და თავისი ტაქტიკური მონახაზი შეინარჩუნოს.

„სივასპორთან“ თუ „სლოვანთან“ მარცხი დასანანი იყო, თუმცა ხვდები რომ ბათუმის „დინამო“ თავის თამაშს აჩვენებს და თავის წარმოჩენა ყველა მეტოქესთან შეუძლია''.

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტირანა“ - ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა ბათუმში 20 ივლისს დაიწყება და 21:00 საათზე დაიწყება.

არჩილ არველაძემ თბილისის „დინამოს“ ახალწვეულებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, თუ რატომ ხდება, რომ ქართული კლუბები ზოგჯერ ლეგიონერებს ევროტუნირების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იმატებენ:

„ეს ფინანსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. სტაბილურობა ჩვენს კლუბებს აკლია, რადგან ფინანსური შემოსავალი სტაბილურად არაა. რომელიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდო, თანხა რომ შემოგივიდეს. შემდეგ ამ თანხით უკეთეს ფეხბურთელს ეძებ, მაგრამ უკეთესის მოყვანა ძნელია.

უცხოელი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში დიდხანს რჩებოდეს, ეს იშვიათი გასახსენებელია, მხოლოდ აკადემია კი საკმარისი არაა. სიგუა პერსპექტიული და არაჩვეულებრივი ბიჭია, ხვალ დიდ ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ იმის თქმა, რომ „დინამო“ ზურგზე მოიკიდე და ყველა თამაშები მოიგე, ამას ვერ იტყვი, ამას ნუ მოვთხოვთ.

გიორგი ლორიას დაბრუნება თბილისის „დინამოში“ უმნიშვნელოვანესი იყო.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანა“ - თბილისის „დინამოს“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი 19 ივლისს, „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გავლის კარგი შანსი აქვთ, ქუთაისის „ტორპედოს“ სარაევოში გაუჭირდება, რთული თამაში ექნება.

ტაში მინდა დავუკრა გორელებს, ყოველ წელს ახალ გუნდს აკეთებენ და მებრძოლი გუნდი ჰყავთ. კოვტალიუკის გოლმა გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეუნარჩუნა. „დილას“ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია“.

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დუნაისკა სტრედამ“ შინ გორის „დილა“ 2:1 დაამარცხა. საპასუხო მატჩი გორში 20 ივლისს გაიმართება, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ შეხვედრა 2:2 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 20 ივლისს სარაევოში გაიმართება, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

არჩილმა შოთა არველაძეზეც ისაუბრა: „მას მიწვევა თურქული და აზიური კლუბებიდან ჰქონდა. დაინტერესება იაპონიიდან და ამერიკიდან იყო, თუმცა მან უარი თქვა. წინადადებები ევროპიდანაც იყო, მაგრამ უკეთესის მოლოდინშია''.

მასალაში გამოყენებულია თბილისის „დინამოს“ პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები