ზივზივაძე კარლსრუედან მიდის - აიხნერმა ქართველზე ისაუბრა
„კარლსრუეს“ მთავარი მწვრთნელის, კრისტიან აიხნერის თქმით ბუდუ ზივზივაძის მიმართ ერთ გუნდს დიდი ინტერესი აქვს. შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გერმანული კლუბი დატოვოს. ზივზივაძესთან ერთად „კარლსრუედან“ კიდევ ერთი თავდამსხმელი სიმონე რეპი მიდის.
ამ თემაზე მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ისაუბრა: „ზივზივაძეს ერთი კლუბი იწვევს და ამ გუნდში გადასვლა ფეხბურთელს სურს. ვიცით რაც გვჭირდება. ორ ფორვარდს მოვიყვანთ. ზივზივაძეს წასვლამ ფინანსური კუთხით შესაძლოა კარგი შესაძლებლობა გახსნას''.
გასულ ზამთარში ზივზივაძე „მოლ ფეჰერვარიდან“ „კარლსრუეში“ 200 000 ევროდ გადავიდა, მეორე ბუნდესლიგის 10 შეხვედრაში ითამაშა (მხოლოდ ორი მატჩი სასტარტოში), 1 გოლი „კაიზერს“ გაუტანა. 29 წლის ქართველი ფორვარდი „კარლსრუეს“ სათამაშო სქემას კარგად ვერ მოერგო, რადგან აიხნერის გუნდი საკმაოდ ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდა, შემტევი სტილის ფეხბურთელებსაც კი მეტწილად ორთაბრძოლებში შესვლა უხდებოდათ, მეტოქის ნახევარზე 2-3 პასის ზუსტად შესრულებაც პრობლემა იყო და აქედან გამომდინარე ნახევარმცველები ფორვარდებს საგოლე შანსებს ვერ უქმნიდნენ.
ამ ეტაპზე ზივზივაძით დაინტერესებული კლუბის ვინაობა უცნობია.
„კარლსრუემ“ ერთი ფორვარდი უკვე შეარჩია - „შტუტგარტის“ 23 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი ხუან ხოსე პერეა, რომლის სანაცვლოდ 2022 წლის ზაფხულში გერმანულმა კლუბმა ბერძნულ „იანინას“ 2,2 მილიონი ევრო გადაუხდა, თუმცა მან ბუნდესლიგაში შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, 16 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო.