100+5 მლნ - დეკლან რაისის ტრანსფერი არსენალის ისტორიაში სარეკორდოა
ლონდონის „არსენალმა“ დეკლან რაისის ტრანსფერი დაადასტურა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ვესტ ჰემი“ 24 წლის საყრდენის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით შესაძლოა 5 მილიონი დაემატოს. „მეთოფეების“ ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია, დეკლან რაისის ტრანსფერამდე რეკორდი ნიკოლას პეპეს ეკუთვნოდა, რომლის სანაცვლოდ 2019 წელს „არსენალმა“ ფრანგულ „ლილის“ 72 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა.
2006-14 წლებში დეკლან რაისი „ჩელსის“ აკადემიაში ირიცხებოდა, 2014 წელს კარიერა „ვესტ ჰემს“ დაუკავშირა, პრემიერ ლიგაში მისი დებიუტი 18 წლის ასაკში „ბარნლისთან“ შედგა. საბოლოო ჯამში „ჩაქუჩებისთვის“ პრემიერ ლიგაში 204 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი შეაგდო და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.
გასულ სეზონში დეკლან რაისმა „ვესტ ჰემთან“ ერთად კონფერენს ლიგა მოიგო, პრემიერ ლიგაში მე-14 ადგილზე გავიდა. ახლა სეზონში დეკლან რაისი გაცილებით ამბიციურ კლუბში ითამაშებს, მას ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ. გარდა ამისა, გასულ სეზონში „მან. სიტის“ მთავარი კონკურენტი სწორედ „არსენალი“ იყო, თუმცა საბოლოოდ მიკელ არტეტას გუნდი ამ ბრძოლაში დამარცხდა, ჩემპიონს 5 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა.