10:0 მოიგო - ქარსელაძე პორტუგალიის ლიგის თასისთვის ემზადება
პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდმა „რიუ ავემ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და უკვე სამი ამხანაგური მატჩი გამართა. ლუიშ ფრეირეს ფეხბურთელებმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში „მორეირენსეს“ 2:0 მოუგეს, შემდეგ კი „ბრაგას“ B გუნდთან 2:4 დამარცხდნენ.
ქარსელაძე ბრაგა B-სთან შეხვედრაში
ქარსელაძე მორეირენსეს წინააღმდეგ
მესამე ამხანაგური შეხვედრა „რიუ ავემ“ „რიუ ავეს“ 23-წლამდე გუნდთან გამართა და 10:0 მოიგო. „რიუ ავეს“ ქართველმა მარჯვენა მცველმა გიორგი ქარსელაძემ სასტარტოში ითამაშა, გოლი არ გაუტანია, თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მას ახალი სეზონისთვის სასტარტო 11-ეულში სათამაშოდ ამზადებენ.
ქარსელაძე „რიუ ავეს“ 23-წლამდე გუნდთან მატჩში
მას შემდეგ რაც ლუიშ ფრეირემ გიორგი ქარსელაძე პირველ გუნდში დააწინაურა, 18 წლის ქართველი მცველი პირველ გუნდთან ერთად პირველ შეკრებას გადის. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელის პირველ გუნდში ინტეგრირება გასული სეზონის მეორე ნახევარში მოხდა, როცა გიორგიმ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა.
2023-24 წლების სეზონი „რიუ ავესთვის“ 22 ივლისს დაიწყება, როცა „რიუ ავე“ „ვიზეუს“ უმასპინძლებს. უდიდესი ალბათობით, ქარსელაძე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს.
ლუიშ ფრეირე ახალ სეზონში გიორგი ქარსელაძეს სასტარტო 11-ეულის ფეხბურთელად მოიაზრებს. გასულ სეზონში, როცა გიორგიმ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა, ლუიშ ფრეირემ ქარსელაძეზე ისაუბრა:
„ახალგაზრდა ტალანტები პირველ გუნდში უნდა გადავიყვანოთ. ბოლო ორ სეზონში 6 ფეხბურთელი პირველ გუნდში დავაწინაურეთ, ქარსელაძე ერთ-ერთი მათგანია. ის „რიუ ავეს“ მომავლის ნაწილია. გიორგი ჯერ 18 წლისაა, მაღალ ხარისხს აჩვენებს, ტექნიკურად ძლიერია, მაგრამ ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული კარიერისთვის ყველა თვისება აქვს“.