გიორგი მამარდაშვილი, მიუნხენის ბაიერნი, მანუელ ნოიერი, იან ზომერი
Aa
Aa

ვალენსიას მოთხოვნა ცნობილია - BILD მამარდას ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე

ფაბრიციო რომანოს ცნობით, იან ზომერი მზადაა კარიერა მილანის „ინტერში“ გააგრძელოს, „ბაიერნის“ მეკარე მილანურ კლუბს კონტრაქტის პირობებსა და ხელფასზე შეუთანხმდა. ამ ეტაპზე მოლაპარაკება „ბაიერნსა“ და „ინტერს“ შორის სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. „ინტერი“ ონანასა და ჰანდანოვიჩის ალტერნატივად „შახტარის“ მეკარე ანატოლი ტრუბინსა და იან ზომერს ხედავს.

„ბაიერნმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, თუმცა გუნდს მანუელ ნოიერი ვერ შეუერთდა, მძიმე ტრავმისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ გუნდური სავარჯიშო პროცესისთვის მზად არაა. სავარაუდოდ, ნოიერი „ბაიერნს“ აზიაში ვერ გაყვება, სადაც გერმანულ კლუბი 24 ივლისიდან 3 აგვისტომდე მოემზადება.

მიუხედავად იმისა, რომ ნოიერის დაბრუნება დროში იწელება, ზომერმა გუნდიდან წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას ნომერ პირველ მეკარედ არ განიხილავდნენ. შესაძლოა, ნოიერმა ბუნდესლიგის პირველი ტური გამოტოვოს (18 აგვისტო) და ასეთ შემთხვევაში ზომერი თამაშის დროს მიიღებდა, თუმცა შვეიცარიელისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მნიშვნელოვანია, რადგან ევრო 2024-ს ფორმაში უნდა შეხვდეს.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ BILD-მა დაწერა, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ ზომერის გაყიდვას არ აპირებს. შვეიცარიელის გამოსასყიდი თანხა 9-10 მილიონი ევროა, თუმცა ტრანსფერის განხორციელებისთვის „ბაიერნის“ თანხმობა აუცილებელია. რადგან ნოიერის დაბრუნების თარიღი გაურკვეველია, „ბაიერნს“ ზომერის გაყიდვა არ სურს.

BILD-ი ზომერისა და ნოიერის გარდა გიორგი მამარდაშვილზე წერს, რომლის მიხედვით ცნობილია, რომ „ღამურები“ ქართველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ:

„მეკარის პოზიციაზე „ბაიერნი“ გიორგი მამარდაშვილის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც „ვალენსიაში“ თამაშობს. „ბაიერნის“ სკაუტები მამარდაშვილის თამაშს რამდენჯერმე დააკვირდნენ, „ბაიერნის“ ტექნიკურ დირექტორ მარკო ნეპესა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მამარდაშვილთან შეთანხმება არ არსებობს და კლუბებს შორის მოლაპარაკება არ გამართულა, ცნობილია რომ „ვალენსია“ ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვს. მეკარის საკითხი „ბაიერნში“ ღიად რჩება''.

ასევე, „ინტერს“ მამარდაშვილიც დაუკავშირეს, Footmercato-მ „ინტერის“ სატრანსფერო გეგმებზე დაწერა. „ნერაძური“ ანდრე ონანას შემცვლელს ეძებს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ კამერუნელი გოლკიპერი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს და „შავ-ლურჯები“ რამდენიმე მეკარეს განიხილავენ. Footmercato-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილია. ფრანგულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „მამარდა“ „ინტერის“ სათადარიგო გეგმაა და მილანელთა მთავარი სამიზნე იან ზომერი გახლავთ. შვეიცარიელი მეკარის გარდა, „ნერაძურის“ ინტერესის სფეროში იასინ ბონოც მოექცა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ინტერის“ კიდევ ერთი სამიზნე უკრაინელი მეკარე ანატოლი ტრუბინია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები