„მოღალატე ხარ“ | ლევანტეს ლეგენდა უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვალენსიაში გადავიდა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ნახევარდაცვის ხაზი გააძლიერა და პეპელუ დაიმატა. 24 წლის ფეხბურთელმა „ჩეს“ „ლევანტედან“ მიაშურა და „გრანოტას“ გულშემატკივრებმა იგი მოსისხლე მტრის რიგებში გადასვლის გამო, მოღალატედ შერაცხეს.
„ლევანტეს“ ქომაგებმა ვალენსიაში მდებარე ხიდებზე ბანერები გამოფინეს და პეპელუ გააკრიტიკეს. „პეპელუ მოღალატე ხარ. საერთოდ ვერაფერი გაიგე“, - წერია ერთ ბანერზე. „ორიოლსში გაიზარდე, სინგაპურში გაიქეცი (ვალენსიას მფლობელი სინგაპურელია)“, - ვხედავთ მეორე ბანერზე.
„საკუთარ თავს მოღალატედ არ ვთვლი და ხალხის აზრი არ მაინტერესებს. ყველამ კარგად ვიცით, შარშან ლევანტეში რა ვითარება იყო. იმედი გვქონდა, რომ რაღაც მოხდებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. წლეულს, ეს შანსი გამოჩნდა და ყველა მხარე გამარჯვებული გამოვიდა“, - განაცხადა პეპელუმ „ვალენსიაში“ გადასვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, პეპელუ „ლევანტეში“ 13 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში, მან კლუბთან 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და „გრანოტას“ გულშემატკივრებს ეგონათ, რომ იგი კლუბის ლეგენდა გახდებოდა. გრძელვადიანი კონტრაქტის მიუხედავად, მასში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მისი გამოსყიდვა 5 მილიონ ევროდ გახლდათ შესაძლებელი და „ვალენსიამ“ ამით ისარგებლა.