მწვრთნელის გადაწყვეტილებით - კვერკველიამ ნეფთჩი დატოვა
სოლომონ კვერკველია აზერბაიჯანულ „ნეფტჩში“ აღარ ითამაშებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია azerisport-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, გუნდის მთავარი მწვრთნელი ადრიან მუტუ კვერკველიასთან მუშაობას აღარ გეგმავს და კლუბის გადაწყვეტილებაც აქედან მომდინარეობს.
მუტუმ „ნეფთჩი“ ახლახან ჩაიბარა და გუნდის დაკომპლექტებას შეუდგა. რუმინელი სპეციალისტის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან კვერკველია გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო.
2022/23 წლების სეზონში, კვერკველიამ მონაწილეობა 42 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე ორი გოლია. „ნეფთჩიმ“ აზერბაიჯანის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.
აქვე გეტყვით, რომ 31 წლის სოლომონ კვერკველიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 49 მატჩი აქვს ჩატარებული.