სექსუალური ძალადობა, ნარკოტიკები და საძილე აბები | დელე ალის გულახდილი ინტერვიუ
ინგლისელმა ფეხბურთელმა, დელე ალიმ, რომელსაც ერთ დროს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა. ალიმ განაცხადა, რომ ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, საძილე აბებზე იყო დამოკიდებული და სარეაბილიტაციო ცენტრში 6 კვირის გატარება მოუწია.
„მოვიდა დრო, ხალხს ვუთხრა, რა გამოვიარე. ამაზე ლაპარაკი მარტივი არაა, რადგან ახლახან მოხდა და ძალიან მეშინია, მაგრამ ვფიქრობ, სწორი იქნება, ეს გავაკეთო. საძილე აბებზე ვიყავი დამოკიდებული. ეს პრობლემა მხოლოდ მე არ მქონია და ფეხბურთში საკმაოდ ხშირია. როცა თურქეთიდან დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ოპერაციის გაკეთება მესაჭიროებოდა. ფსიქოლოგიურად, ურთულეს მდგომარეობაში ვიყავი და გადავწყვიტე, თანამედროვე სარეაბილიტაციო დაწესებულებაში წავსულიყავი, სადაც დამოკიდებულების, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებისა და ფსიქოლოგიური ტრავმების მქონე ადამიანებს ეხმარებიან. ვერავინ გეტყვის, რომ იქ უნდა წახვიდე. ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო.
საშინელი ეტაპი მქონდა. მოვიხმარდი რაღაცებს, რაც ზიანს მაყენებდა. ყოველდღე ვდგებოდი და საკუთარ თავთან ვიმარჯვებდი ბრძოლაში, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ ვარჯიშზე ღიმილით წავსულიყავი. უნდა მეჩვენებინა, რომ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ შინაგანად ვმარცხდებოდი. მოვიდა დრო, რაღაც შევცვალო. როცა მითხრეს, რომ ოპერაცია მჭირდებოდა, იგივე შეგრძნება დამეუფლა, რომელიც ამ რთული ეტაპის დაწყების მომენტში მქონდა.
სარეაბილიტაციო დაწესებულებაში წავედი და იქ 6 თვე გავატარე. ევერტონი შესანიშნავად მოიქცა და მხარი დამიჭირა. ყოველთვის კლუბის მადლიერი ვიქნები. ევერტონი ღირსეულად მოიქცა და სიტუაციას გაგებით მოეკიდა. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი და ახალგაზრდულ ასაკში, ბევრი რთული რამ გამოვიარე. სისულელეები გავაკეთე, რაშიც საკუთარ თავს ვადანაშაულებ. როდის მოხდა ეს? სარეაბილიტაციო დაწესებულება 3 კვირის წინ დავტოვე. ახლა კარგ მდგომარეობაში ვარ და თავს სათანადოდ ძლიერად ვგრძნობ, რათა ამ თემაზე ვისაუბრო.
მინდა, ჩემს ბავშვობაზეც ვილაპარაკო. 6 წლის ასაკში, დედაჩემის მეგობარმა ჩემზე სექსუალურად იძალადა. დედაჩემი ალკოჰოლიკი იყო და 6 წლის ვიყავი, როცა ეს მოხდა. აფრიკაში გამგზავნეს, რათა დისციპლინა მესწავლა და შემდეგ, აქ დავბრუნდი. 7 წლის ასაკში, მოწევა დავიწყე, 8 წლისამ ნარკოდილერობით დავკავდი. ჩემზე უფროსმა ადამიანმა მითხრა, რომ ველოსიპედით მოძრავ ბავშვს არავინ გააჩერებდა და ფეხბურთის ბურთითა და ნარკოტიკებით დავდიოდი. 12 წლის ასაკში, საოცარმა ოჯახმა მიშვილა და უკეთეს მშობლებს ვერ ვინატრებდი. ისინი ძალიან დამეხმარნენ და 12 წლის ასაკიდან მათთან ვცხოვრობდი, 16 წლისამ კი პირველ გუნდში დავიწყე თამაში და ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა“.
შეგახსენებთ, რომ დელე ალის „ტოტენჰემში“, „ევერტონში“, „ბეშიქთაშში“ და „მილტონ კეინ დონსში“ უთამაშია.