ინტერესი თურქეთიდან | საზონოვს ახალი მსურველი ჰყავს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ცნობილი კლუბების ყურადღება მიიპყრო. რუსული გამოცემის, Championat.com-ის ინფორმაციით, საზონოვს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა და მისი გადაბირება თურქულ გრანდს სურს.
Championat.com-ის მიხედვით, საზონოვი „გალათასარაის“ ინტერესის ობიექტია. თურქულ კლუბს „დინამო მოსკოვისთვის“ წინადადებით ჯერ არ მიუმართავს, მაგრამ ქართველი მცველის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და ფეხბურთელის მომავალზე გაესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ პრესაში, საზონოვი სამ კლუბს დაუკავშირეს. თავდაპირველად, „სასუოლოსა“ და „უდინეზეზე“ დაიწერა, შემდეგ კი განაცხადეს, რომ მისი საკუთარ რიგებში ხილვა „ფროზინონესაც“ სურს, რომელმაც ახლახან გიორგი კვერნაძე გაიფორმა.
საზონოვი „დინამო მოსკოვის“ ფეხბურთელია. რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. საბამ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია.