„კვარა საერთოდ სხვა კლასი იყო“ | ფერგიუსონმა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა
„ბოლონიას“ ფეხბურთელმა, ლუის ფერგიუსონმა სერია A-ში ჩატარებული სადებიუტო სეზონი შეაფასა. შოტლანდიელმა ნახევარმცველმა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა და ხვიჩა კვარაცხელია სხვებზე მაღლა დააყენა.
„სერია A-ს სტადიონებზე ბრწყინვალე ატმოსფეროა. სან სირო საოცარია და ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია, რომელზეც მითამაშია. მარადონას სახელობის სტადიონი და იუვენტუსის საშინაო არენაც შესანიშნავია. ყველაფერი იცვლება და უკეთესი ფეხბურთელებისა და გუნდების წინააღმდეგ თამაშობ, როცა სერია A-ს დონის ჩემპიონატში გადადიხარ.
როცა ნაპოლის სტუმრად შევხვდით, პარტენოპეის ნახევარდაცვაში პიოტრ ზელინსკი და სტანისლავ ლობოტკა თამაშობდნენ. მათ საერთოდ სხვა კლასი აჩვენეს და დაფრინავდნენ. ხვიჩა კვარაცხელია დაუჯერებელი იყო და რაფაელ ლეაუ და ჰაკან ჩალჰანოღლუც უნდა ვახსენო. ბევრი ფეხბურთელის დასახელება შემიძლია, მაგრამ კვარაცხელია საერთოდ სხვა კლასი იყო“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.