უდინეზე, სასუოლო, საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვი სერია ა-ში? - სასუოლომ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, „სასუოლო“ და „უდინეზე“ საბა საზონოვით ინტერესდებიან. „სასუოლომ“ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო და შესაძლოა მოსკოვის „დინამოს“ ოფიციალური წინადადებით მიმართოს. აღნიშნული წყაროს ცნობით, მოსკოვის „დინამოს“ მცველის დამატებით სერია ა-ს კიდევ ერთი კლუბი, „უდინეზე“ ინტერესდება. 

შეგახსენებთ, გერმანული გამოცემის, MOPO-ს მიხედვით, „ჰამბურგმა“ საბა საზონოვის გადაბირებაც სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. MOPO-ს ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა, რის შემდეგაც, მასზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა და „ჰამბურგი“, მაღალი კონკურენციის გამო, იძულებული გახდა, სხვა ვარიანტი მოეძებნა.

საზონოვი „დინამო მოსკოვის“ ფეხბურთელია. რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. საბამ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია.

შეგახსენებთ, საქართველოსა და რუმინეთში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ინგლისის 21-წლამდე ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ლი კარსლის ბიჭები ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ხელოვნურმა ინტელექტმა, Olocip-მა სიმბოლური ნაკრები შეადგინა. თერთმეტეული ფეხბურთელთა მიერ, მოედანზე გატარებული დროისას მოხდენილი გავლენის ჯამური კოეფიციენტით შეირჩა და საუკეთესოთა შორის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წარმომადგენელსაც ვხედავთ. Olocip-ის ტოპ 11-ში საბა საზონოვი მოხვდა, რომელმაც 1.89 ქულა დააგროვა და პაჩეკოსა და მირანდასთან ერთად (ორივე ესპანეთი), დაცვის ხაზში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები