გიორგი გულიაშვილი, სარაევო, მირზა ვარესანოვიჩი
Aa
Aa

„ტორპედოსთან მატჩისთვის მაღალ დონეზე მოვემზადეთ“ - სარაევოს მთავარი მწვრთნელი

ბოსნიური „სარაევო“ ქუთაისშია, „ტორპედოსთან“ მატჩს მაქსიმალური თავდაჯერებით ხვდება, მთავარი მწვრთნელი მირზა ვარესანოვიჩი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი „რამაზ შენგელიაზე“ კარგ შედეგს დააფიქსირებს. 51 წლის სპეციალისტი, რომელსაც „ბორდოში“ ზინედინ ზიდანთან ერთად უთამაშია, ზეგინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ბოსნიურ Klix-თან ისაუბრა.

მირზა ვარესანოვიჩი: „ადვილ თამაშს არ ველით, მეტოქე ახალგაზრდული გუნდია. „ტორპედოს“ ბოლო 5-6 თამაში მიმოვიხილეთ, ყველაზე მეტად ფოკუსირებულნი „ტორპედოს“ ბოლო ორ თამაშზე ვიყავით, ვგულისხმობ სუპერთასის ნახევარფინალებს, ორივე თამაში 0:0 დასრულდა და ჩვენმა მეტოქემ პენალტების ორივე სერია დათმო. დაცვითი ფუნქციების შესრულების კუთხით „ტორპედომ“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ამ მატჩისთვის მაღალ დონეზე მოვემზადეთ, თავდაჯერებულნი ვართ იმისთვის, რომ კარგი შედეგი დავაფიქსიროთ პირველივე შეხვედრაში''.

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ შეხვედრა 13 ივლისს 21:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს სარაევოში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი გულიაშვილი „სარაევოს“ ფეხბურთელია. გულიაშვილი „სარაევოს“ ქუთაისში შეუერთდება და შესაძლოა „ტორპედოს“ წინააღმდეგ ითამაშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები