„შანსები თანაბარია, მაგრამ დინამო უკეთესი გუნდია“ - ცინცაძე ყაზახურ მედიას ესაუბრა
ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი, მათე ცინცაძე, რომელიც ახლა ყაზახეთის ჩემპიონატის გუნდ „ჟეტისუში“ გამოდის, ყაზახურ მედიას თბილისის „დინამოსა“ და „ასტანას“ უახლოეს დაპირისპირებაზე ესაუბრა.
ქართველი ფეხბურთელის ინტერვიუ Sports.kz-ზე ქვეყნდება, რომელშიც ცინცაძე ქართულ და ყაზახურ გუნდებზე საუბრობს:
ყაზახეთისა და საქართველოს ჩემპიონების შედარება:
ჩემი აზრით, ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვთ, მაგრამ ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ „დინამო თბილისი“ „ასტანაზე“ ოდნავ ძლიერია.
ფეხბურთელების ანაზღაურება საქართველოსა და ყაზახეთში:
რა თქმა უნდა, ყაზახეთში ხელფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში.
„დინამოში“ გატარებული პერიოდი:
თბილისის „დინამოში“ 3 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და რა თქმა უნდა, ეს გუნდი ტიტულებითა და წარმატებით ყოველთვის იყო და იქნება ნომერ პირველი გუნდი საქართველოში.
რაც შეეხება ახლანდელ „დინამოს“, ძალიან კარგი და წარმატებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, განსაკუთრებით კი მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი მინდა გამოვყო, რომელიც ძალიან ძლიერი სპეციალისტია.
როგორც გითხარით, გუნდში ბევრი ძლიერი მოთამაშეა, განსაკუთრებით შემიძლია გამოვყო ანზორ მექვაბიშვილი, ასევე, იმრან ულად ომარი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელია.
ვფიქრობ, „დინამოს“ შესაძლებლობები უფრო დიდია. ყოველი შემთხვევისთვის, მე ასე ვუყურებ. ალბათ იმიტომ რომ ქართველი ვარ და ძალიან მინდა ქართული გუნდის გამარჯვება. ვნახოთ, რა შედეგი დადგება.
„ასტანა არენას“ ხელოვნური მოედანი:
ხელოვნური მოედნის გამო ყაზახეთის ჩემპიონს სავარაუდოდ უპირატესობა ექნება, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ სტადიონს საკმაოდ მაღალი ხარისხის სინთეტიკური ბალახი აქვს.
პროგნოზი პირველ მატჩში და ორი მატჩის ჯამში:
„ასტანა“ ძალიან კარგი გუნდია და პირადად ჩემგან, მათ და მთელ ყაზახეთს დიდი პატივისცემა აქვთ, თუმცა, რადგან ქართველი ვარ, „დინამოს“ გამარჯვება მინდა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საკვალიფიკაციო რაუნდში კრისტალბეთ ეროვნული გუნდის მოქმედი გამარჯვებული, თბილისის „დინამო“ ყაზახეთის ჩემპიონს, „ასტანას“ დაუპირისპირდება. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ხვალ, საქართველოს დროით 18:00 საათზე ასტანაში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 19 ივლისს, „დინამო არენაზე“ ჩატარდება.