მარცხი ორ სეტში | ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონს დაემშვიდობა
ქართველი ჩოგბურთელი, ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონს გამოეთიშა. კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში, ირინა შიმანოვიჩთან ერთად ასპარეზობდა და მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა შუაი ჟანისა და კაროლინ დოულჰაიდის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.
პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და წყვილებმა 3-3 გეიმი გაცვალეს. 3:3-ზე, კალაშნიკოვამ და შიმანოვიჩმა მეტოქის მოწოდება აიღეს და სეტის დასასრულებლად კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს. ჟანმა და დოულჰაიდმა უკუბრეიკი შეასრულეს და წონასწორობა აღადგინეს - 4:4.
ჩინელმა და ამერიკელმა ჩოგბურთელებმა თავიანთი მოწოდებაც აიღეს და ანგარიში 5:4 გახადეს, მომდევნო გეიმში კი სეტბოლი გამოიყენეს და პირველი პარტია 6:4 მოიგეს. მეორე სეტი მათი დომინაციით წარიმართა. დოულჰაიდმა და ჟანმა მეტოქეებს მხოლოდ 1 გეიმი დაუთმეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ქართველი ჩოგბურთელი დიდი სლემის მეოთხედფინალში 1995 წელს იყო. მაშინ ეს შედეგი ლეილა მესხმა დააფიქსირა, რომელიც მეოთხედფინალში ეუგენია მანიუკოვასთან ერთად გავიდა.