„ილია, გთხოვ, მაქს ჰოლოუეის არ ეჩხუბო“ | ვოლკანოვსკის პასუხი თოფურიას
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი არიელ ჰელვანის გადაცემის, The MMA Hour-ის სტუმარი იყო. „ვოლკმა“ ილია თოფურიაზე ისაუბრა და ქართველ მებრძოლს სთხოვა, მაქს ჰოლოუეის არ ეჩხუბოს.
„ვუყურე თუ არა თოფურიას ინტერვიუს? კი და მაინტერესებს, ასეთს რას იღებს. მინდა, ერთი რაღაც ვთქვა და მას მივმართო. ილია, თუ ამ ვიდეოს უყურებ, გთხოვ, მაქს ჰოლოუეის არ ეჩხუბო. მაქსთან ბრძოლა არ გამართო და მომეცი საშუალება, მე ვიყო ის, ვინც მაგრად გცემს.
რა აზრის ვარ მის განცხადებაზე, რომ პირველ რაუნდში დამაფინიშებს? MMA-ში თავდაჯერებულობა აუცილებელია, მაგრამ არსებობს თავდაჯერებულობა და არსებობს ილუზიებში ცხოვრება. მას თავისი სიტყვები ქმედებებით არ დაუმტკიცებია და სისულელეებს ამბობს. ჩემი ბრძოლები ხომ უნახავს? წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ლაპარაკობს, როცა აცხადებს, რომ პირველ რაუნდში დამაფინიშებს.
რატომ დავუძახე, როცა ბრძოლის შემდეგ, ოქტაგონს ვტოვებდი? მინდა, აქტიური ვიყო და მასთან დაპირისპირება ჩემთვის საინტერესო ჩხუბია. არ მინდა, უსაფრთხო ზონაში ვიჯდე. ჩემი მიზანია, ოქტაგონზე რაც შეიძლება, სწრაფად დავბრუნდე და ხელზე ოპერაციის ჩატარების შემდეგ, მსურს, ბრძოლა მალევე გავმართო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მჯერა, რომ ილია მომდევნო ჩხუბს მოიგებს და გამომდინარე აქედან, მინდა, ის ბიჭი ვიყო, ვინც მაგრად სცემს.
დადგა თუ არა თოფურიას გამოწვევა ისლამ მახაჩევის გამოწვევაზე წინ? ეს წინადადება არასწორია. ილიასთან ჩხუბი გამოწვევა არაა, საინტერესო ბრძოლაა, მახაჩევთან დაპირისპირება კი ნამდვილი გამოწვევა გახლავთ. თოფურია დაუმარცხებელია, კარგ პოზიციაში იმყოფება და ტოპ მებრძოლს მოუგო. ვთვლი თუ არა, რომ სატიტულო ბრძოლის მისაღებად საკმარისი გააკეთა? არა, უბრალოდ ძალიან იღბლიანი ბიჭია და მისთვის იდეალური მომენტი დადგა. ხალხს სურს, რომ მე და ილიამ ვიჩხუბოთ და მასთან ბრძოლა მეც მინდა “.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ იაირ როდრიგესი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვა. ილია თოფურიამ კი ორი კვირის წინ ჯოშ ემეტს ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.