ირაკლი იეგოიანი, იორდ როოსი, ენსხედეს ტვენტე
Aa
Aa

„განსაკუთრებული ბიჭია“ - ტვენტეს (U18) მწვრთნელმა იეგოიანზე ისაუბრა

ენსხედეს „ტვენტეს“ 18-წლამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იორდ როოსმა CrystalSport-თან ინტერვიუში ირაკლი იეგოიანზე ისაუბრა, 19 წლის ცენტრალურ ნახევარმცველზე, რომელსაც საქართველოს 16 და 18 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, გასული სეზონის შემდეგ კი „ტვენტეს“ პირველ გუნდთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა (2+1).

იორდ როოსი იეგოიანის „ტვენტეს“ 18-წლამდე გუნდში გატარებულ სეზონს იხსენებს, როცა მძიმე ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ დიდი პროგრესი ჰქონდა.

იორდ როოსი: „ირაკლი განსაკუთრებული ბიჭია. არამხოლოდ იმიტომ რომ ფეხბურთის კარგად თამაში შეუძლია, ის ბრწყინვალე პიროვნებაა, საოცრად თავმდაბალია. თავის თავზე ძალიან ბევრს მუშაობს. სჯერა და აქვს შესანიშნავი ცხოვრებისეული სტანდარტები და ფასეულობები. ამასვე ვხედავ მის მშობლებში, რომლებიც ფანტასტიკური ადამიანები არიან. ირაკლი ძალიან სამართლიანი და სამაგალითოა სხვა მოთამაშეებისთვის. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და შემდეგ როცა 18-წლამდე გუნდის ვარჯიშზე მოდიოდა, ''ფიშკებს'' თვითონ ალაგებდა. იმის მიუხედავად რომ პირველ გუნდთან ერთად იყო, არ შეცვლილა, თავმდაბალ პიროვნებად დარჩა.

როცა ირაკლის მწვრთნელი გავხდი, მას 8-თვიანი ტრავმა ჰქონდა. პროგრესი ეტაპობრივად უნდა მოგვეხდინა, მის სხეულს გადატვირთვით შოკი რომ არ მიეღო. სეზონის ბოლოს ის იყო ფეხბურთელი, რომელიც მთელ გუნდში ყველაზე კარგ ფიზიკურ კონდიციაში იყო. როცა მასთან მუშაობა დავიწყე, გარემარბად ან 10-იანზე თამაშობდა, მაგრამ იმ სეზონში გარემარბად არ უთამაშია, მხოლოდ 8 ნომერზე ან 10-იანზე. ყველაზე მეტად 8 ნომერზე მომწონს, ამ პოზიციაზე სრულყოფილია.

ვფიქრობ, ძალიან კარგი პასი აქვს. მოკლე და გრძელ პასებს კარგად ასრულებს. იქიდან გამომდინარე რომ ჩემი ხედვით მას შეტევის დაწყება კარგად შეუძლია, ვფიქრობ ნამდვილი 8 ნომერია, მაგრამ ასევე, მას შეუძლია მეტოქის შეტევების ჩაკეტვა, ჩაკეტვის შემდეგ იერიშის დაწყება და დაგვირგვინება.

ირაკლი საოცრად მიზანდასახული და ფანატიკური პროფესიონალია. მახსოვს ამბავი, როცა მისი ფეხბურთისადმი სიყვარული აშკარა გახდა, როცა სამშაბათს ფეხის თითი მოიტეხა და ვფიქრობდი, რომ მას შესაძლოა რამდენიმე თვე გამოეტოვებინა, მაგრამ შაბათს ის კვლავ მოედანზე იყო, ამ ტრავმით კიდევ ნახევარი სეზონი ითამაშა. გუნდურ სავარჯიშო სესიებთან ერთად ინდივიდუალურად საკუთარ თავზე ბევრს ვარჯიშობდა და დღესაც ასეა''.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ირაკლი იეგოიანის კარიერის მაქსიმუმი, მისი კარიერის „ჭერი’’, იორდ როოსის პასუხი ასეთია

„პირველ გუნდში სწრაფად გაიაზრეს, რომ ის მომავლის ბიჭია, ერედივიზიეს დონე. მჯერა, ირაკლი ნიდერლანდების ჩემპიონატის ტოპ 5 კლუბში აუცილებლად ითამაშებს. აქედან ის დაინახავს, იქნება თუ არა მასში უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით
იეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით