„ძაკარდოს დამსახურება ყველაზე დიდია“ - ბერიძემ ხვიჩას ტრანსფერზე ისაუბრა
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ ტრანსფერი გაიხსენა. ამ თემაზე ბერიძემ CalcioNapoli24-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ტრანსფერის განხორციელებაში ყველაზე დიდი წვლილი იტალიელმა მენეჯერმა კრისტიან ძაკარდომ შეიტანა.
არჩილ ბერიძე: „მოლაპარაკება დიდხანს არ გაგრძელებულა, მხარეები მალე შეთანხმდნენ, ტრანსფერის განხორციელებაში არაერთი პირი მონაწილეობდა, მათ შორის ფეხბურთელის უშუალო მენეჯერი მამუკა ჯუღელი. მე როგორც ვიცი და როგორც ცნობილია, ტრანსფერის განხორციელებაში ყველაზე დიდი დამსახურება კრისტიან ძაკარდოსია.
აურელიო დე ლაურენტისთან პირადი შეხება არ მქონია, მასთან არ მისაუბრია. მინდა, თქვენი საშუალებით მოვიკითხო და წარმატებები ვუსურვო. მინდა ვუთხრა, ხვიჩას სახით ძალიან დიდი ფეხბურთელი ჰყავს.
ხვიჩას წარმატების მთავარი საიდუმლო შრომაა. ასევე, ნიჭი. ეს ორი რამ სინთეზშია''.
არჩილ ბერიძემ აღნიშნა, რომ ბათუმში „ნაპოლისთან“ ამხანაგური მატჩის გამართვის დიდი სურვილი აქვს: „ბათუმის „დინამოს“ ქომაგების ოცნებაა, რომ ბათუმში „ნაპოლისთან“ ამხანაგური მატჩი ჩატარდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოდესმე „ნაპოლიმ“ ხვიჩასთან ერთად ბათუმში ითამაშოს''.
შეგახსენებთ, Corriere dello Sport-ის ცნობით, 2022 წლის ზაფხულში „ნაპოლის“ „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდა (პლუს, მილიონი ევრო ბონუსების სახით). ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა გასულ სეზონში მკვეთრად გაიზარდა, ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.