„დინამომ კვარას ყველაფერი მისცა“ - ფიფია იტალიურ მედიასთან
თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ CalcioNapoli24-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ფიფიამ ხაზი ხვიჩა კვარაცხელიას პიროვნულ თვისებებს და პროფესიისადმი დამოკიდებულებას გაუსვა, რაც ფეხბურთელს განსაკუთრებულს ხდის.
რომან ფიფია: „აკადემიაში ხშირად დავდივარ, მაშინაც დავდიოდი, როცა ხვიჩა აკადემიაში ცხოვრობდა. მის ქცევას ხშირად ვუყურებდი როგორც მინდორზე, ასევე სასადილოში და ყოფით ცხოვრებაში. ყოველთვის ძალიან მოკრძალებული და თავმდაბალი ბავშვი იყო, არაფერს აშავებდა. მოკლედ, შემიძლია ძალიან კარგად დავახასიათო.
ველოდი თუ არა რომ ხვიჩა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი არაა. ჩვენ აკადემიას სწორად ჩავუყარეთ საფუძველი, საუკეთესო მწვრთნელები მივიწვიეთ, ამ აკადემიის სახით საქართველომ უმაღლესი დონის სკოლა მიიღო. ტალანტი საქართველოში ძალიან ბევრია.
დღეს აქ (იგულისხმება „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა) საქართველოს ნაკრები ვარჯიშობს, სადაც 9 ფეხბურთელი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. ესეიგი ეს ყველაფერი სწორად დავგეგმეთ. საქართველო ტალანტების საბადოა. უბრალოდ, სწორი მიდგომა და სწორი მიმართულებაა საჭირო.
ხვიჩა მაგალითია როგორც ჩვენი აკადემიისთვის, ასევე საქართველოსთვის და ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის.
მას ფეხბურთთან პროფესიული მიდგომა აქვს, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. ამას ემატება, თავისი ხასიათი, თავმდაბლობა. ისეთი ადამიანია, რომელიც ზედმეტს არ იტყვის და არ იკადრებს.
თბილისის „დინამომ“ კვარას ყველაფერი მისცა. მასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ამაყი ვარ რომ ხვიჩა ჩემს აკადემიაში გაიზარდა. ახლახან ბარსელონასა და მადრიდში ვიყავი. ხვიჩას გამო ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა. ეს ხვიჩას დიდი დამსახურებაა“.