მადრიდის რეალი, მესუთ იოზილი, ლონდონის არსენალი
Aa Aa

ხელოვანი, რომელმაც ფეხბურთი უფრო მარტივი გახადა - მე მესუთ იოზილი ვარ

2013 წელს მესუთ იოზილს ლონდონში ღმერთივით მიესალმნენ, მაგრამ 2021 წელს მისი წასვლა მხოლოდ რამდენიმე გულშემატკივარმა განიცადა..

როდესაც ცნობილი გახდა, რომ „არსენალი“ კაი ჰავერცის გადაბირებით იყო დაინტერესებული, ქომაგებში გაჩნდა იმედი, რომ ეს ამბავი სიცრუე იყო.. მათ არ უნდოდათ იმის დაჯერება, რომ „მეთოფეები“ იმ ფეხბურთელში, რომელმაც 91 მატჩში მხოლოდ 19 გოლი გაიტანა დიდ თანხას გადაიხდიდნენ..

რა თქმა უნდა, ამ საკითხს ბევრი გამოხმაურება მოყვა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც 10 წლის წინ ხდებოდა. იოზილის ტრანსფერმა მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო..

2013 წელს, მადრიდის „რეალმა“ სარეკორდო თანხად „ტოტენჰემიდან“ გარეთ ბეილი იყიდა, მაგრამ ამან ფინანსური ფეარ პლეის პრობლემები შექმნა. ეს „არსენალმა“ კარგად იცოდა.. „რეალს“ რომელიმე ვარსკვლავი უნდა გაეყიდა..

ლონდონური კლუბის ყოფილი თანამშრომელი დიკ ლოუ ესპანეთში „სამეფო კლუბის“ გენერალურ მენეჯერთან ხოსე ანხელ სანჩესთან შესახვედრად გაემგზავრა, რომელმაც გაამხილა, რომ იმ პერიოდში „ბლანკოსი“ ანხელ დი მარიას და კარიმ ბენზემას გაყიდვასაც განიხილავდა, მაგრამ ანჩელოტი ამის წინააღმდეგი იყო.. იტალიელმა სპეციალისტმა მხოლოდ იოზილი დათმო..

2019 წელს, დიკ ლოუმ სხვადასხვა საკითხებზე საკმაოდ ღიად ისაუბრა და გამონაკლისი არც მესუთის საკითხი იყო.

დიკ ლოუ:

„არსენ ვენგერი იოზილის ტრანსფერით ძალიან დაინტერესებული იყო. ნახევარდაცვაში მისი ტიპის ფეხბურთელი გვჭირდებოდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით რა სურდა თავად ფეხბურთელს. მასთან სატელეფონო ზარი საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა. ლონდონში სალაპარაკოდ მისი მამა ჩამოვიდა.

აღმოჩნდა, რომ იოზილი განრისხებული იყო. მას არ გაუხარდა ის ფაქტი, რომ „რეალმა“ ტრანსფერზე დააყენა. გადამწყვეტი კი არსენ ვენგერის ფაქტორი იყო. მესუთი მას დიდ პატივს სცემდა. მათი ურთიერთობა მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა წინა დამსაქმებელთან დამყარებულ ურთიერთობას..“

„არსენალის“ მთავარი დამაბრკოლებელი „ტოტენჰემი“ იყო, რომელიც „რეალს“ სთხოვდა, რომ იოზილი მათი კონკურენტისთვის არ მიეყიდათ. ივან გაზიდისი ფიქრობდა, რომ დანიელ ლევი რამეს მოახერხებდა, მაგრამ მას ბეილში აღებული ფული უკვე დახარჯული ჰქონდა და არაფერი მოიმოქმედა..

პირველ სექტემბერს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინა დღეს, „არსენალმა“ პრემიერ ლიგაში „ტოტენჰემს“ უმასპინძლა. იმ დღეს იოზილი მიუნხენში ლოუსთან ერთად იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო შემოწმება უნდა გაეარა, მაგრამ გაზიდისმა ლონდონში დაბრუნება სთხოვა, რადგან „ტოტენჰემი“ უკვე ეჭვობდა, რომ „სამეფო კლუბი“ თურქული ფესვების მქონე გერმანელის გაყიდვას აპირებდა..

დიკ ლოუ ასეც მოიქცა. ბილეთი გადაცვალა და ლონდონში დაბრუნდა. როდესაც სტადიონზე მივიდა, რა თქმა უნდა, იქ დანიელ ლევი შეხვდა და მისი დანახვა გაუკვირდა. ლევიმ ლოუს ჰკითხა, თუ რას აკეთებდა იქ. პასუხი მარტივი იყო - დიკს ლონდონური დერბის ყურება სურდა..

„არსენალმა“ 1:0 მოიგო. მატჩის შემდეგ, ვენგერს ჰკითხეს აპირებდა, თუ არა ვინმეს დამატებას, რაზეც ფრანგ სპეციალისტს გაეღიმა და თქვა: „შეიძლება კარგი სიურპრიზი დაგხვდეთ..“

საბოლოოდ, მატჩიდან რამდენიმე საათში იოზილი „მეთოფეებს“ ოფიციალურად შეუერთდა. ამ ფაქტმა გულშემატკივრებში სიამოვნების და ურწმუნოების ნაზავი გამოიწვია. იმ დროს, მესუთი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად ითვლებოდა. ის ჯერ მხოლოდ 24 წლის იყო..

რონალდუს რეაქცია იოზილის წასვლაზე

იოზილი ლა ლიგის 3 სეზონში ასისტების რაოდენობით ყოველთვის პირველი იყო. ის პატივს სცემდა, როგორც მადრიდულ მედიას, ასევე გულშემატკივრებს. გარეთ ბეილის წარდგენის დროს, ზოგიერთი გულშემატკივარი სკანდირებდა: „არ გაყიდო იოზილი“!!

რა თქმა უნდა, ეს ფრაზა ფლორენტინო პერესისკენ იყო მიმართული..

სერხიო რამოსი აღშფოთდა და განაცხადა:

„ის არის შესანიშნავი და უნიკალური ფეხბურთელი. ის არის ბოლო, ვისაც „რეალიდან“ გავყიდდი. პერესის გადაწყვეტილება არ მესმის..“

ბედნიერი არც კრიშტიანუ რონალდუ იყო. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა გაბრაზება ვერ დამალა და „რეალის“ ხელმძღვანელობა ღიად გააკრიტიკა:

„ეს ტრანსფერი ჩემთვის ყველაზე საწყენია. იოზილი არის ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა, თუ როგორ გადავადგილდებოდი სტადიონზე..“

მესუთის ტრანსფერი 54 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც კლუბის სარეკორდო თანხა იყო. გაზიდისი აღფრთოვანებული იყო და Sky Sports-ის კამერების წინ ამას ვერ მალავდა. იოზილის პირველი კრიტიკა „მანჩესტერ სიტისთან“ 3:6 მარცხის შემდეგ დაიწყო. მეტიც, ის თანამემამულე პერ მერტესაკერმა გააკრიტიკა. მესუთმა კი ცუდი თამაშის გამო საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

იყო ბრალდებები, რომ 24 წლის ნახევარმცველი გამუდმებით ქრებოდა მაშინ, როდესაც გუნდს რთული მატჩი ჰქონდა და ყველაზე მეტად სჭირდებოდა.. არსენ ვენგერი მის დასაცავად ყველაფერს აკეთებდა და საჯარო გამოსვლებსაც არ ერიდებოდა. მისი თქმით, იოზილს პრემიერ ლიგის ფიზიკურ სიმძლავრესთან ადაპტირება უჭირდა..

დროთა განმავლობაში, ბრალდებები გაიზარდა. მესუთს სიზარმაცეში ადანაშაულებდნენ. ასევე არ მოსწონდათ მისი გუნდისადმი მიდგომა. ამ ყველაფრის ფონზე, თანაგუნდელები მას იცავდნენ. სტატისტიკა კი ყველა ამ ბრალდებას აუფერულებდა..

ერთხელ ჟოზე მოურინიომ თქვა:

„იოზილი არის ხელოვნება, რომელიც ფეხბურთს უფრო მარტივს ხდის. მას ამის უნარი აქვს.“

მადრიდში თავის პირველ და ბოლო მატჩებს შორის, იოზილმა შექმნა იმაზე მეტი შანსი, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ ლა ლიგაში (323) და გაუთანაბრდა ლიონელ მესის 47 საგოლე გადაცემას..

2015/2016 წლებში, თურქული ფესვების მქონე გერმანელმა თანაგუნდელებს 146 გოლის გატანის შანსი შეუქმნა და ეს პრემიერ ლიგის ერთ სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია..

მისი სტატისტიკა საოცარია. პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეპასეებს შორის მე-7 ადგილზეა, თანაც ისე, რომ ტოპ 30-ში მყოფ ფეხბურთელებზე მინიმუმ 184 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. იოზილმა პრემიერ ლიგაში თითქმის 8 სეზონი ითამაშა, მაგრამ ბოლო 18 თვე სათამაშო დრო არ ეძლეოდა. მესუთის ბოლო ლონდონური მატჩი 2020 წლის 7 მარტით თარიღდება და გუნდი 2021 წლის იანვარში დატოვა..

ისმის კითხვა - რატომ გაქრა იმ თაობის გამორჩეული ნიჭი?..

მიუხედავად იმისა, რომ იოზილი „არსენალს“ Fa Cup-ის მოგებაში დაეხმარა კრიტიკოსები ბოლომდე მაინც ვერ გააჩუმა. მაგალითად, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა:

„მესუთ იოზილს არაფერს ვერჩი, მაგრამ, როდესაც მადრიდის „რეალში“ ასე კარგად თამაშობდი, სხვა გუნდშიც ის დონე უნდა შეინარჩუნო. კლუბმა გიყიდა იმისთვის, რომ ლიდერი ყოფილიყავი და ვფიქრობ, მას ეს არ შეუძლია..“

იოზილი თავისი სათამაშო სტილით 1990-იან წლებში ნამდვილი სუპერვარსკვლავი იქნებოდა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთი ფიზიკურ მომზადებას და ბევრ სირბილს ეფუძნება. ადრინდელ ეპოქაში ტრეკვარტისტები აყვავდნენ, მაგრამ დღეს ასე აღარ არის.

შეიძლება ითქვას, რომ მესუთი საკმაოდ დაუფასებელი ფეხბურთელია. 2014 წელს, მან გერმანიის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა, მაგრამ 4 წლის შემდეგ, რუსეთში გამართულ მუნდიალზე ის მიწასთან გაასწორეს.

ასევე, ზოგ კრიტიკაში შემაშფოთებლად ჭარბობდა რასობრივი ელფერი. ეს ყველაფერი თავად იოზილმა ბრწყინვალედ აღწერა ერთი წინადადებით:

„როდესაც ვიგებდით მე გერმანელი ვიყავი, როცა ვაგებდით ემიგრანტი“ ..

ამ ფრაზით მან გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია გააკრიტიკა..

დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან გადაღებული სურათია, რომელშიც ილქაი გიუნდოგანიც ფიგურირებს. ილქაიმ ეს ყველაფერი ახსნა, მაგრამ იოზილმა დუმილი არჩია იქამდე, სანამ პენსიაზე არ გავიდა..

მათეუსი სხვანაირად ფიქრობდა. მისი აზრით, მესუთს უბრალოდ გერმანიის წარმომადგენლობა მოჰბეზრდა და პოლიტიკა არაფერ შუაში იყო.

მათეუსი:

„ვფიქრობ, მისი დრო გერმანიის ნაკრებში დასრულდა. პოლიტიკა არ მაინტერესებს, ეს არაფერ შუაშია. კარგად მახსოვს იოზილი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. მისგან აღარაფერი დარჩა.“

ეს იყო ნარატივი, რომელსაც „არსენალში“ ბევრი იზიარებდა..

არსებობდა იმედი, რომ სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, „რეალის“ ყოფილ ფეხბურთელს ემოციური და ფიზიკური წნეხი შედარებით მოეხსნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სულ მალე „არსენალი“ ვენგერმა დატოვა და მესუთის ძველებურ ფორმაში დაბრუნების შანსიც გაქრა.. ყველას ახსოვს 2015/2016 წლებში მფრინავი იოზილი..

მიუხედავად ამ ყველაფრისა, „არსენალი“ იოზილს ბოლომდე გვერდში დაუდგა. 2018 წლის იანვარში მისი კონტრაქტი გაუმჯობესდა. „მეთოფეებს“ ალექსის სანჩესის შემთხვევის შეეშინდათ და მესუთს კვირაში 350 000 ევრო დაუნიშნეს. ეს ფაქტი ნათლად ასახავს იმას, რომ გუნდში მისი მაინც სჯეროდათ..

სამწუხაროდ, ის ისეთი აღარასდროს ყოფილა, როგორიც ადრე. უნაი ემერიმ მისი დეპრესიის დასამარცხებლად ყველაფერი გააკეთა. მისცა 10-ნომრიანი მაისური და კაპიტნის სამკლავური.  მიუხედავად ამისა, სწრაფად გაჩნდა ეჭვი, რომ იოზილი „არსენალის“ ერთგული აღარ იყო. ნელ-ნელა მესუთი სათადარიგოთა სკამზე გადაჯდა და ემერი ახალ შემტევ ნახევარმცველს ითხოვდა..

ესპანელი მწვრთნელის წასვლა კი  საბოლოო დარტყმა აღმოჩნდა. ახალ მოსულმა მიკელ არტეტამ იოზილი 25-კაციან განაცხადში არ შეიყვანა და მისი პრემიერ ლიგაში თამაში გამოირიცხა..

ამის შემდეგ, თურქული ფესვების მქონე გერმანელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა:

„როდესაც 2018 წელს კონტრაქტის გახანგრძლივებას დავთანხმდი, ამით მე კლუბს ჩემი ერთგულება დავუმტკიცე. სამწუხაროა, რომ ეს ორმხრივი არ აღმოჩნდა. კვირიდან კვირამდე ვცდილობდი, რომ პოზიტიური ვყოფილიყავი და დუმილს ამიტომ ვინარჩუნებდი. ახლა ეს ყველაფერი ყოვლად მიუღებელია!“

საბოლოოდ იოზილი „ფენერბახჩეში“ წავიდა და სამწუხაროდ „არსენალის“ გულშემატკივრებმა შვება იგრძნეს. მისი მაღალი ანაზღაურება გუნდის ბალანსს არღვევდა. არტეტას კი ახალგაზრდული შემადგენლობის ჩამოყალიბება სურდა, რომელიც ტიტულებისთვის იბრძოლებდა.

მცირე კუთხით, რა თქმა უნდა, მესუთის წასვლა არტეტას თავის საქმიანობაში დაეხმარა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ იოზილს ნორმალურად არ დამშვიდობებოდნენ. კლუბის ლეგენდამ იან რაიტმა განაცხადა, რომ „არსენალმა“ ისტორიული ტრანსფერი გააფუჭა და გააუფერულა.

იოზილმა კარიერა მიმდინარე წლის დასაწყისში დაასრულა და მაინც ვერავინ იტყვის, რომ მისი კარიერა ცუდი იყო. თუნდაც „არსენალში“, მას დიდებული სეზონები და მატჩები აქვს ჩატარებული.

არსებობს გოლი, რომელიც მესუთის გენიალურობას იდეალურად აღწერს. გოლი რაზგრადის „ლუდოგორეცის“ კარში, რომელიც მართლაც დაუვიწყარია.. საფეხბურთო ექსპერტებმა ეს გოლი ხელოვნების ნიმუშად შეაფასეს..

საბოლოო ჯამში, მესუთ იოზილი შეიძლება ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ყოფილიყო. დღეს მისი სახელის ხსენებისას გაურკვეველი განცდა გეუფლება. თითქოს სინანული.. ან ნოსტალგია.. ნებისმიერ შემთხვევაში, მას გაცილებით დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა..

გაზიარება: