ლადო კილასონია
Aa
Aa

„უელსი მებრძოლი და შეკრული გუნდია“ | უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა უელსთან 9 ივლისს გასამართი მატჩისთვის 23-კაციან შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში ორი ისეთი მორაგბეა, რომლებსაც 2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ჯერ არ უთამაშიათ.

იტალიასთან გამარჯვების შემდეგ, რამაც მე-5 ადგილის ნახევარფინალში გაგვიყვანა, სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. შერკინების პირველ ხაზში, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე პირველად ითამაშებს სერგო აბრამიშვილი. როტაციის პრინციპით კვაჭებმა ადგილები გაცვალეს და თამაშს თამაზ ჭამიაშვილი დაიწყებს, ხოლო მარჯვენა ბურჯი კვლავ ირაკლი აფციაური იქნება, რომელიც იტალიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

უცვლელია მეორე ხაზი – გურამ ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე, ხოლო მესამე ხაზში ერთი ცვლილებაა. სამეული პირველად შეიცვალა და სასტარტოში თორნიკე ღანიაშვილს ვიხილავთ, გუნდის კაპიტანი ლაშა ციხისთავი შერკინების შემკვრელად გადაინაცვლებს, რატი ზაზაძე კი კვლავ თავის პოზიციაზეა.

20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად, 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს იწყებს ალექსანდრე ჯიღაური, რომელიც პეტრე ხუციშვილს შეუწყვილდება. ერთი ცვლილებაა ცენტრში და ამჯერად ნიკოლას რაგოევისა და თორნიკე კახოიძის დუეტს ვიხილავთ. ფრთებზე ადგილი შეინარჩუნეს შალვა აფციაურმა და ლუკა ხორბალაძემ, ფულბეკი კი ლუკა ცირეკიძეა. მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა ბასა ხონელიძემ და ბურჯმა გიორგი მამაიაშვილმა, ასევე 9 ნომერმა დავით ხუროშვილმა.

მარქაფაში ადგილი შეინარჩუნა მეორეხაზელმა გიორგი გერგედავამ. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დავით მჭედლიძეს ვიხილავთ, მესამე ხაზში დავით ბერიძეს, ხაზში კი გელა ხელაძე და ლუკა კობაური შევლენ. ბერიძე და კობაური 23-კაციან განაცხადში პირველად არიან.

მე-5 ადგილის ნახევარფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები უელსელ თანატოლებს 9 ივლისს, საქართველოს დროით 18 საათზე შეხვდებიან. გამარჯვებული გუნდი 14 ივლისს ახალი ზელანდიასა და ავსტრალიას შორის გამარჯვებულს ეთამაშება, ხოლო წყვილებს შორის დამარცხებულები მე-7 პოზიციისთვის იბრძოლებენ.

„სამწუხაროა რომ 1 ბონუს-ქულის გამო თასის ნახევარფინალში ვერ მოვხვდით. მიუხედავად ამისა, ჩვენი ბიჭებით ამაყები უნდა ვიყოთ. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ, ყველა ვარჯიშზე თუ ვიდეო-ანალიზზე ბოლომდე იხარჯებიან, რაც აისახება კიდეც გუნდში არსებულ სიტუაციასა და შედეგზე. რაც შეეხება მომავალ მეტოქე უელსს, ის შეკრული, ხასიათიანი და მებრძოლი გუნდია, რომელიც სწრაფი და გაშლილი რაგბის მიმდევარია“ – ამბობს უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია.

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 8. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.);

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. დავით ბერიძე (ლელო); 21. დავით ხუროშვილი (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა კობაური (პერპინიანი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას შანსი იზრდება? - მანუელ ნოიერის დაბრუნება გადაიდო
მამარდას შანსი იზრდება? - მანუელ ნოიერის დაბრუნება გადაიდო