„თუ იაირი დაამარცხა, ილიას უნდა ეჩხუბოს“ - სეხუდო ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქეზე
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჰენრი სეხუდომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე საათში იაირ როდრიგესთან საჩემპიონო ბრძოლას გამართავს. სეხუდოს მიაჩნია, რომ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ბევრი მებრძოლი არაა, რომელიც „ვოლკისთვის“ საინტერესო მეტოქე იქნება და იაირის დამარცხების შემთხვევაში, იგი ილია თოფურიას უნდა დაუპირისპირდეს.
„მხოლოდ ერთი მებრძოლია დარჩენილი, ვისზეც ყველა ლაპარაკობს და მისი სახელი ილია თოფურიაა. თუმცა, არის თუ არა თოფურია მზად მეტოქისთვის, რომელმაც კიკების გამოყენება იცის? არის თუ არა ილია მზად მებრძოლისთვის, რომელიც მასზე დაბალია? თუ შენზე დაბალ მეტოქესთან ჩხუბს შეჩვეული არ ხარ, შესაძლოა, პრობლემები გაგიჩნდეს და დემეტრიუს ჯონსონთან ბრძოლისას სწორედ ეს დამემართა. მათ აქვთ სისწრაფე, რომელიც შენთვის უცხოა.
აქვს ილიასნაირ მებრძოლს ის, რაც ალექსანდრ ვოლკანოვსკის მსგავსი გამოცდილი ვეტერანის წინააღმდეგ საჩხუბრადაა საჭირო? მისი ძალა საკმარისი იქნება გამარჯვების მოსაპოვებლად? ვფიქრობ, თუ ვოლკმა იაირ როდრიგესი დაამარცხა, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში კიდევ ერთი ბრძოლა უნდა გამართოს. ვოლკანოვსკის მეტოქე ილია თოფურია უნდა იყოს და თუ მასაც მოუგო, შემდეგ მსუბუქ წონაში უნდა ავიდეს და ტიტულისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლოს“.
შეგახსენებთ, რომ ემეტთან ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ სატიტულო ჩხუბი მოითხოვა. ილიას ვოლკანოვსკისთან დაპირისპირება სურს და ერთადერთი მებრძოლი, ვის გამოც საჩემპიონო ბრძოლაზე უარს იტყვის, მაქს ჰოლოუეია. გეტყვით იმასაც, რომ იაირ როდრიგესი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი ტიტულისთვის იჩხუბებენ და მათი ბრძოლა კვირას გამთენიისას გაიმართება.