ილიასთან შესაძლო ჩხუბი, დაბრუნება და ქართველი მებრძოლები | ჭიკაძემ ბევრ თემაზე ისაუბრა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ოქტაგონზე დაბრუნების იდეალური თარიღი დაასახელა და ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ნინძამ“ განაცხადა, რომ 5-6 ბრძოლა ჩაეშალა და „ელ მატადორთან“ სამომავლო დაპირისპირება კატეგორიულად გამორიცხა.
„სარეაბილიტაციო პერიოდი ძალიან მალე დასრულდა და მაისიდან მოყოლებული, ოქტაგონზე დასაბრუნებლად მზად ვარ, მაგრამ ბევრი ჩხუბი ჩაიშალა და ყველა ჩემი მიზეზით არ გაუქმებულა. იყო შემთხვევები, როცა მეტოქეებმა ტრავმა მიიღეს და რამდენიმე მათგანმა ბრძოლაზე უარი თქვა. საერთო ჯამში, 5-6 ბრძოლა ჩაიშალა. ბოლო ჩხუბი, რომელზეც საუბარი მიდიოდა, ბრაიან ორტეგასთან დაპირისპირება იყო და ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი ბრძოლა გახლდათ, მაგრამ ორტეგამ ტრავმა გაიმიზეზა, ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც გავიგე, გამოსაჯანმრთელებლად დიდი დრო დასჭირდება.
სექტემბერი ან ოქტომბერი UFC-ის ოქტაგონზე დასაბრუნებლად იდეალური დრო იქნება, მაგრამ არც აგვისტოა ცუდი ვარიანტი. ვისთან მინდა ჩხუბი? თავდაპირველად, სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავდით და იდეალურ კანდიდატს ვეძებდით, ახლა კი სულერთია ვისთან ვიჩხუბებ, მთავარია ვიჩხუბო.
ძალიან ვამაყობ, UFC-ში მყოფ ქართველ მებრძოლთა შორის რომ ვარ. ორი კვირის წინ, ილია თოფურიამ საოცარი გამოსვლა აჩვენა და მისით ძალიან ვამაყობ. გურამ ქუთათულაძემ შესანიშნავად იასპარეზა, მაგრამ მესამე რაუნდი მისთვის ცუდად დასრულდა, თუმცა ღამის ჩხუბის ბონუსი მაინც მიიღო და შეუძლია, საკუთარი თავით იამაყოს. შეხედეთ, სხვა ქართველ მებრძოლებს. საქართველოში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და UFC-ის ტოპ 5-ში უკვე ორი მებრძოლი გვყავს, ტოპ 10-ში კი 4-ნი ვართ და ვფიქრობ, მალე ჩემპიონიც გვეყოლება.
გახდება თუ არა მერაბ დვალიშვილი ჩემპიონი? მგონია, რომ ალჯამეინ სტერლინგი მაღალ წონით დივიზიონში ავა და მიმაჩნია, რომ მანქანა სატიტულო ქამარს მოიპოვებს. ვიჩხუბებ თუ არა ოდესმე ილიასთან? არა, არა. ეს გამორიცხულია. მე და ილია არასდროს ვიჩხუბებთ“.
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე ბოლოს 2022 წლის იანვარში, კელვინ კატარს შეხვდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. MMA-ში, ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 17 ბრძოლიდან 14 მოგება და 3 მარცხია.