ვინც მეტს გადაგვიხდის იმას მივყიდით | პსჟ-ს ულტიმატუმი მბაპეს
მბაპემ პსჟ-სა და პრესას აცნობა, რომ ის კლუბს 2024 წელს დატოვებდა. მისი პოზიცია ბოლო დღეებში გამოიკვეთა, თუმცა პარიზელებმა ფეხბურთელს მკაცრი პასუხი გასცეს.
L'Equipe-ის ცნობით, პსჟ-მ კილიანს გარკვევით აცნობა, რომ რაც მან გააკეთა (ინფორმაციის საჯაროდ გამოტანა), ეს კლუბისთვის ზიანის მიმყენებელი იყო.
„მართლაც, ჩვენ განვიხილეთ ძალიან ამბიციური სატრანსფერო გეგმა, რომლის განხორციელებაც ფეხბურთის მდგომარეობისა და ფრანგული და ევროპული რეგულატორების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო მხოლოდ ნაწილობრივ შევძელით.
ეს პირობები სრულიად ჩვენ კონტროლს მიღმაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობდით თქვენი თხოვნის დაკმაყოფილებას - თუმცა კლუბისთვის ფატალური შედეგების გამო ამას სხვისთვის არ გავაკეთებდით“,
- ნათქვამია წერილში, რომელიც აგრესიულ ტონით არის დაწერილი.
ასევე ცნობილი ხდება, რომ კილიან მბაპეს ერთ თვეზე ნაკლები დრო აქვს იმისათვის, რომ გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელოს კარიერა.
Sky Sports-ის ცნობით, პსჟ-ს ხელმძღვანელობა მოითხოვს, რომ მბაპემ 31 ივლისამდე გადაწყვეტილება მიიღოს, თუ რას გააკეთებს მომავალში. თუ აგვისტოს დასაწყისამდე მან კონტრაქტი 2025 წლამდე მაინც არ გაახანგრძლივა, ის გაიყიდება.
ამ შემთხვევაში, პარიზელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მბაპეს იმ კლუბს მიჰყიდიან, რომელიც მის სანაცვლოდ ყველაზე დიდ თანხას გადაიხდის.