„მომატება შეუძლია“ | კანავარომ კვარაზე და რუდი გარსიას ნაპოლიზე ისაუბრა
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კანავარომ ინტერვიუ La Gazzetta dello Sport-ს მისცა და სერია A-ს მოქმედი ჩემპიონის, „ნაპოლის“ ახალ თავკაცზე და გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე ილაპარაკა.
„გასულ სეზონში, ნაპოლი იდეალური მანქანა იყო. მეტოქეებზე ბევრად ძლიერი, თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარი, ახალი იდეების დამნერგავი, ძალისმიერი, ტექნიკური და ტაქტიკურად ძლიერი გუნდი. ლუჩანო სპალეტი ნეაპოლელთა გულებში სამუდამოდ დარჩება და მასზე მომდევნო წლების განმავლობაში ბევრს ვისაუბრებთ. ველოდებოდით, რომ გუნდში კიდევ ერთ სეზონს გაატარებდა, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.
სპალეტის წასვლის მიუხედავად, ნაპოლი სკუდეტოს მოგების მთავარ კანდიდატთა შორის იქნება, თუმცა კიმ მინ-ჯეს გაშვების გამო ვღელავ. სამხრეთ კორეელი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და მისი ჩანაცვლება მარტივი არ იქნება. ნაპოლი შემადგენლობას პრაქტიკულად არ ცვლის და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. წარმატების შემდეგ, ყველაფერი უკეთ მუშაობს და სირთულეებს იშვიათად აწყდები. იცი, როგორ გაიმარჯვო და ეს სერიოზული უპირატესობაა.
შეძლებს კვარა განსხვავება ისევ შექმნას? ხვიჩას პროგრესისთვის დიდი ადგილი აქვს და ჭკვიანი ბიჭია. გასული სეზონის პირველ ნახევარში ძალიან კარგი იყო, შემდეგ კი ცოტა გაუჭირდა, რადგან სერია A-ში მეტოქეებს სწავლობენ და შემდეგ მათ უფრო ყურადღებით მეურვეობენ. ახლა მას ახალი გამოსავლების პოვნა მოუწევს.
რა შეიცვლება რუდი გარსიასთან ერთად? პირველ მატჩებს დიდი ინტერესით ველოდები და მარტივი არაფერი იქნება. თუმცა სპალეტის წასვლის შემდეგ, ვინც არ უნდა დანიშნულიყო, იგივე ვითარებაში აღმოჩნდებოდა. გარსიასგან ველოდები, რომ მისი გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებს. ლამაზი ფეხბურთი ნეაპოლური კულტურის ნაწილია“.
შეგახსენებთ, რომ „კვარას“ „ნაპოლის“ ივლისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 20 ივლისს, „ანაუნეს“ დაუპირისპირდება, მისი მეორე მეტოქე კი „სპალი“ გახლავთ.