ზიეჩი მოატყუეს - რატომ ჩაიშალა ალ ნასრიში ტრანსფერი
როგორც მოგეხსენებათ, ჰაკიმ ზიეჩი „ალ ნასრიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. მეტიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაროკოელმა ფეხბურთელმა არაბულ კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა, მაგრამ ტრანსფერი მოულოდნელად ჩაიშალა.
„ალ ნასრის“ მესვეურებმა განაცხადეს, რომ „ჩელსის“ მოთამაშემ სამედიცინო შემოწმება მუხლის ტრავმის გამო ვერ გაიარა.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ეს ამბავი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ Goal.Com ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ მუხლის ტრავმა არაფერ შუაშია.
როგორც აღმოჩნდა, არაბულმა კლუბმა მაროკოელი შემტევის მოტყუება გადაწყვიტა. კონტრაქტზე ხელის მოწერისას, ზიეჩმა შეამოწმა პუნქტი, სადაც მისი წლიური ანაზღაურება ეწერა.
დოკუმენტში იმაზე გაცილებით ნაკლები თანხა ეწერა, ვიდრე მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ. ჰაკიმმა კი ნაკლებ ხელფასზე უარი თქვა და „ალ ნასრიში“ ტრანსფერი თავად ჩაშალა.
დღეს, ზიეჩმა „ინსტაგრამ“ სთორიში დადო თავისი ფეხების სურათი, რომელსაც დააწერა: „მუხლის პრობლემები?“ - აღნიშნული სთორი საკმაოდ ირონიული იყო.
Goal.Com-ის ინფორმაციით, ზიეჩმა გადაწყვიტა, რომ „ჩელსიში“ დარჩეს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჰაკიმი „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა „ჩელსიმ“ საჭირო დოკუმენტების წარდგენა დააგვიანა და ტრანსფერი ჩაიშალა.