ბათუმის დინამო, გიორგი წიტაიშვილი, კიევის დინამო
Aa
Aa

უარი კიევის დინამოს - წიტაიშვილი ბათუმის დინამოში ითამაშებს

ბათუმის „დინამომ“ გიორგი წიტაიშვილი ერთწლიანი იჯარით დაიმატა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 22 წლის გარემარბს კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს. CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელს კიევის „დინამოში“ დაბრუნება არ სურდა, დაბრუნების შემთხვევაში უკრაინულ კლუბთან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, რაც ფეხბურთელს არ სურდა, მისთვის რეგულარული სათამაშო დრო პრიორიტეტია.

წიტაიშვილმა 2022/23 წლების სეზონი პოლონეთში გაატარა და პოზნანის „ლეხის“ ღირსებას იცავდა. ყველა ტურნირის ეგიდით, პოლონური კლუბის მაისურით, მონაწილეობა 29 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ზამთარში, მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სარეზერვო გუნდში თამაშობდა.

წიტაიშვილმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ოთხივე შეხვედრაში ითამაშა, მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კიევის „დინამოს“ საკუთრებაა, გასულ სეზონში პოზნანის „ლეხში“ იჯარით თამაშობდა, თუმცა ზამთარში სათამაშო დრო დაკარგა და სარეზერვო გუნდში თამაშობდა. ამ თემაზე CrystalSport-ი აპრილის თვეში ვრცლად წერდა.

რატომ დაკარგა წიტაიშვილმა სათამაშო დრო ლეხში

2022 წლის ზაფხულში გიორგი წიტაიშვილის გადაბირებით დაინტერესესებული „ლეხის“ სპორტული დირექტორი ტომაშ ჟონსა იყო და არა მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან დენ ბრომი. ნიდერლანდელი სპეციალისტის პრიორიტეტებში წიტაიშვილის ტრანსფერი არ შედიოდა. სპორტულმა დირექტორმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და კიევის „დინამოდან“ ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით დაიმატა. სეზონის პირველ ნახევარში მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე პოლონურ კლუბში დიდი კონკურენცია არ ყოფილა, რადგან წიტაიშვილის პოტენციურ კონკურენტებს ტრავმები აწუხებდათ. ტრავმების ფონზე კონკურენციის გაზრდის მიზნით „ლეხისთვის“ წიტაიშვილის იჯარით დამატება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვითარება ზამთარში შეიცვალა, ტრავმამოშუშებულ ფეხბურთელებთან შედარებით ნაკლებად პრიორიტეტულ მოთამაშედ გადაიქცა და ჯონ ვან დენ ბრომმა იმ ფეხბურთელებს მიანიჭა უპირატესობა, რომლებიც კლუბის საკუთრებას წარმოადგენენ.

ასევე, საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, მარტის სანაკრებო მატჩებამდე, როცა უკვე მისი სათამაშო დრო მკვეთრად შემცირებული იყო, ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელს თამაშების მეორე გუნდში ჩატარება სთხოვა, სურდა სანაკრებო მატჩებს ვითარებიდან გამომდინარე მაქსიმალურად კარგ კონდიციაში შეხვედროდა, თუმცა მთავარი მწვრთნელისგან უარი მიიღო, მაგრამ მარტის სანაკრებო შეხვედრების გამართვამდე ჯონ ვან დენ ბრომმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და მეორე გუნდში თამაშის უფლება მისცა. მას შემდეგ წიტაიშვილი „ლეხის“ მეორე გუნდში, პოლონეთის რანგით მესამე ლიგაში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები