ნეაპოლური მოდელი და ახალი კვარა - ჯუნტოლი იუვეში ინიშნება
ტურინის „იუვენტუსთან“ დაახლოებული სააგენტო Juvelive.it-ი წერს, რომ უახლოეს დღეებში კრისტიანო ჯუნტოლი კლუბის სპორტულ დირექტორად დაინიშნება. სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულეს და მალე ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცემა.
Juvelive.it-ზე ასევე აღნიშნულია, რომ ჯუნტოლი „იუვენტუსში“ ე.წ. „ნეაპოლურ მოდელს“ გამეორებას შეეცდება.
რა წერია სტატიაში:
ყველაფერი დროის საკითხია და „ნაპოლის“ ახლა უკვე ყოფილი სპორტული დირექტორი მალე „იუვენტუსის“ მენეჯერი ოფიციალურად გახდება.
ხანგრძლივი და დამღლელი მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჯუნტოლისთვის, ისე „იუვესთვის“ პოზიტიური შედეგი დადგა, მისი პერსონა კი გუნდში დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და ხელმძღვანელებს შეუძლიათ მისი გადმობირებით იტრაბახონ.
„ნაპოლის“ ყოფილი სპორტული დირექტორის მოყვანა ფაქტობრივად შეუძლებელი ჩანდა, თუმცა ხელმძღვანელობამ მკაფიო არჩევანი პოზიცია დააფიქსირა და ჯიუტად მიზანს მაინც მიაღწია. ტოსკანელი მენეჯერი ტურინში ე.წ. „ნეაპოლური მოდელის“ გამეორებას შეეცდება, ეს კი ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას გულისხმობს. ასევე, მიზანი იქნება რესურსების ოპტიმიზაცია და სტაბილურობა.
სააგენტოს ვებ-გვერდზე კომპანია „ემილიანის“ ყოფილი პრეზიდენტისა და იტალიაში ცნობილი პოლიტიკოსის, სტეფანო ბონაჩინის კომენტარიც ვრცელდება, რომელიც ამბობს, რომ ჯუნტოლის შეუძლია კლუბში ახალი კიმი და კვარაცხელია მოიყვანოს.
რას ამბობს ბონაჩინი:
მას ბევრი ნიჭი აქვს. მისი ინტუიცია საკმაოდ კარგია და თამაში ყოველთვის ხელში უჭირავს. ასევე, არის ძალიან შრომისმოყვარეც. ერთმანეთს ხშირად ვესაუბრებით, კვირაში რამდენჯერმე მირეკავს. კარგად ვიცნობ და ვიცი რაც შეუძლია. თავისი მიზნების მისაღწევად ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწია. მას „იუვენტუსში“ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელის მოყვანა შეუძლია, შესაძლოა, ისინი უცნობებიც კი იყვნენ. მაგალითად, როგორც კიმი და კვარაცხელია. ამ სახელებითაც დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები.
შეგახსენებთ, რომ კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლიში“ 2015 წლიდან მუშაობდა და კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებდა, თუმცა მისი წასვლის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვრცელდებოდა. „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი 33-წლიანი პაუზის შემდეგ სწორედ მისი სპორტული დირექტორობის დროს მოიგო.