საპრიზო ფონდი 5 მლნ რუბლია - აზაროვი და კვერკველია რუსეთში ითამაშებენ
სერბული მედიის ინფორმაციით, „ცრვენა ზვეზდა“ მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილს რუსეთში გადის. ბელგრადული კლუბი, რომელსაც მალე ქართველი მცველი ირაკლი აზაროვი შეუერთდება, რუსეთში PARI Премьер-ის ტურნირში „ზენიტთან“ (4 ივლისი), ბაქოს „ნეფთჩისთან“ (8 ივლისი) და „ფენერბახჩესთან“ (12 ივლისი) ითამაშებს. მოგეხსენებათ, აზაროვი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა და კლუბს მალე შეუერთდება.
PARI Премьер-ის ტურნირის პირველ მატჩში „ზენიტმა“ ბაქოს „ნეფთჩი“ 3:1 დაამარცხა. აზერბაიჯანული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში სოლომონ კვერკველიამ ითამაშა. ასევე გეტყვით, რომ გასულ სეზონში „ნეფთჩიში“ ვატო არველაძე თამაშობდა, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ მხარეებს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებიათ. კლუბმა მისი წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
„ნეფთჩი“ შემდეგ მატჩს „ცრვენა ზვეზდასთან“ გამართავს (8 ივლისი), შემდეგ კი „ფენერბახჩეს“ დაუპირისპირდება (12 ივლისი).
რუსული მედიის ინფორმაციით, PARI Премьер-ის ტურნირის საპრიზო ფონდი 5 მილიონი რუბლია.