ოსიმენი: “ნეაპოლზე უკეთესი ადგილი არ არსებობს“
ბოლო დღეებში ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლიდან“ აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ნიგერიელ თავდამსხმელს „ლივერპული“ და „პარი სენ ჟერმენი“ დაუკავშირეს. ამის პარალელურად კი თავად ფეხბურთელმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და საკუთარ მომავალსაც შეეხო.
ოსიმენი:
„მე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტული მოვიგე. გამარჯვებას მივაღწიე გუნდთან ერთად, რომელიც ყველა დეტალს აფასებს, რასაც კლუბისთვის აკეთებ. სკუდეტოს მოგება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამაზე დიდი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება. ვამაყობ, რომ სერია ა-ს გამარჯვებული ვარ და ახლა მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას.
არასდროს მინახავს ასეთი გიჟური გულშემატკივრობა, როგორიც ნეაპოლელებს ახასიათებთ. ისინი თითოეულ ფეხბურთელს დიდ სიყვარულს აგრძნობინებენ. ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემით აღფრთოვანებულნი არიან. ეს ნიშნავს, რომ ჩემი შრომა დაფასდა. ჩემთვის, ნეაპოლზე უკეთესი ადგილი არ არსებობს.
„ნაპოლიში“ გადმოსვლით სწორი არჩევანი გავაკეთე და ეს ძალიან მახარებს. ყოველ დილას ღიმილით ვიღვიძებ. გავა დრო და ჩემი შვილიშვილები მიხვდებიან, თუ რა დიდებული სამუშაო შეასრულა მათმა ბაბუამ ნეაპოლში.“
შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეი“ ოსიმენთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ გამოდის. სწორედ ამის გამო ვრცელდება ხმები, რომ ვიქტორს „ნაპოლიდან“ წასვლა სურს.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა სკუდეტოს მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სერია ა-ს გასულ სეზონში ნიგერიელმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.