მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ანხელ დი მარია, ერლინგ ჰოლანდი, ილქაი გიუნდოგანი, კარლოს ტევესი, ჯეკ გრილიში, ხუან მატა, ნოლიტო
Aa
Aa

მიზეზები, რის გამოც ფეხბურთელებს მანჩესტერში ცხოვრება ეზიზღებათ

ზოგჯერ ყველაზე დიდი დაბრკოლება იმისთვის, რომ ფეხბურთელები დაარწმუნო, გადავიდნენ „მანჩესტერ სიტიში“ ან „მანჩესტერ იუნაიტედში“, თვითონ ქალაქი მანჩესტერია.

მაგალითად, 2017 წლის ზაფხულში დანი ალვეში „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ბრაზილიელი უკანახაზელი და პეპ გუარდიოლა ერთმანეთს რესტორანში შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მოულოდნელად, ალვეშმა კონტრაქტი „პარი სენ ჟერმენთან“ გააფორმა. ამ ფაქტმა კი გუარდიოლა განარისხა. მიზეზი? ფეხბურთელის ცოლი. ჯოანა სანსს მანჩესტერში ცხოვრება არ სურდა. იქაურობა მისთვის ზედმეტად ხმაურიანი აღმოჩნდა. საბოლოოდ წყვილმა სიყვარულის ქალაქი აირჩია.

ჯოანა სანსი ერთადერთი არ არის, ვისთვისაც ქალაქი მანჩესტერი პრობლემური აღმოჩნდა. ანხელ დი მარია, კარლოს ტევესი და ნოლიტო ღიად აკრიტიკებდნენ მანჩესტერს, ხოლო ქალაქის შეცვლის და თბილ კლიმატში გადასვლის სურვილი ითვლება მთავარ მიზეზად, რის გამოც გიუნდოგანმა „მანჩესტერ სიტი“ დატოვა და „ბარსელონაში“ გადავიდა.

რა თქმა უნდა, უამრავი ფეხბურთელია ისეთი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს როგორ ქალაქში ცხოვრობს და თამაშს ან „იუნაიტედში“ არჩევს ან „სიტიში“.

ფეხბურთელების 99%-ს პრემიერ ლიგაში სურს თამაში, რადგან ინგლისის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესო შიდა ჩემპიონატად ითვლება. თუ ერლინგ ჰოლანდს ან ჯეკ გრილიშს ამ საკითხზე ჰკითხავთ, ისინი გეტყვიან, რომ ტრიპლეტის მოგებით ბედნიერები არიან. ქალაქს კი მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.

მაგრამ დანი ალვეშისთვის და ანხელ დი მარიასთვის მოედნის გარე ფაქტორები მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ ჩემპიონთა ლიგა უკვე მოგებული ჰქონდათ და ტიტულებს მოწყურებულები არ იყვნენ.

ეს დამოკიდებულია ფეხბურთელის კარიერის საფეხურზე. თუ დამწყები ხარ, რა თქმა უნდა, ქალაქს მნიშვნელობას არ ანიჭებ, მაგრამ გიუნდოგანმა ყველაფერი მოიგო და რატომ დარჩება ნაცრისფერი ცის ქვეშ და არ წავა მაგალითად იქ, სადაც კარგ სუშის მიირთმევს?!

რა თქმა უნდა, მანჩესტერს ვერ შეადარებ ბარსელონას, სადაც მუდამ მზეა, ზღვის სანაპიროა და იდეალური საჭმელი აქვთ. იქ ცხოვრება ყველას სურს. დიდი ბრიტანეთი კი ამდენს ვერ შემოგთავაზებთ. რა თქმა უნდა, მანჩესტერი მახინჯი ქალაქი არ არის, მაგრამ პარიზს, ბარსელონას და ლონდონს, რომელიც ევროპის ნიუ-იორკია ვერ შეედრება.

მანჩესტერში კარგი საკვების ნაკლებობა ფეხბურთელების პარტნიორების მთავარი პრობლემაა. დი მარიას ცოლმა ადგილობრივ საჭმელს ამაზრზენი უწოდა, ხოლო დავიდ დე ხეას შეყვარებულმა ედურნე გარსიამ, რომელიც უკვე ბრიტანეთში დიდი ხანია ცხოვრობს, განაცხადა, რომ კარგი რესტორნის პოვნა ძალიან რთულია და თუ იპოვი, იქაც კი არ გხვდება იდეალური საკვები.

მაგალითად, გიუნდოგანის მეუღლემ გასულ წელს ერთ-ერთ გამოცემასთან მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ მანჩესტერში საშინელი რესტორნებია.

„ძალიან ვცდილობდი მაღალი ხარისხის რესტორნის მოძიებას, მაგრამ ყველგან საშინელი საკვებია. შეიძლება ლონდონში ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ მანჩესტერში არა.“ - განაცხადა სარა არფაუიმ

ამ ყველაფრის პარალელურად კი საინტერესო ფაქტებთან გვაქვს საქმე. მაგალითად, Lonely Planet-მა მანჩესტერი გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო ქალაქად დაასახელა. ორი წლის წინ, Time Out-მა მსოფლიოს მესამე საუკეთესო ქალაქად აირჩია. პირველზე სან-ფრანცისკო დასახელდა, ხოლო მეორეზე ამსტერდამი.

აღსანიშნავია, რომ პეპ გუარდიოლამ ამ პრობლემის მოგვარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო. მისი ორგანიზებით მანჩესტერში არაერთი ესპანური რესტორანი გაიხსნა, რომელიც ქალაქის ირგვლივ არის განლაგებული. ცნობილია, რომ თავად ესპანელ სპეციალისტს იაპონურ რესტორან „მუსუში“ უყვარს გართობა. ერლინგ ჰოლანდი კი ინდური ქუჩის კვების ობიექტში „დიშუმში“ დადის ხშირად. ნორვეგიელი თავდამსხმელი ასევე ხშირად სტუმრობს იტალიურ რესტორან „სან კარლოს“.

ნოლიტო და მზის ნაკლებობა

მანჩესტერის ნაცრისფერი ცა და ძლიერი წვიმა მრავალი ხუმრობის საფუძველია. თუმცა, ის ევროპაში მხოლოდ მე-16 ყველაზე ნოტიო ქალაქია. მილანში, მიუნხენსა და ლიონში უფრო მეტი ნალექია, მიუხედავად იმისა, რომ ამინდი იშვიათად არის ნახსენები, როგორც მიზეზი იმისა, რომ მოთამაშეები არ შეუერთდნენ „მილანს“, „ინტერს“, „ლიონს“ ან მიუნხენის „ბაიერნს“.

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი გარემარბი ნოლიტო ქალაქს ღიად აკრიტიკებდა. ესპანელმა განაცხადა, რომ მზის ნაკლებობამ მის ქალიშვილს კანის ფერი შეუცვალა და ისე გამოიყურებოდა თითქოს გამოქვაბულში ცხოვრობდა. ექიმმა მას D ვიტამინის ტაბლეტების მიცემაც კი ურჩია. ნოლიტო „სიტის“ „სელტადან“ შეუერთდა. ქალაქიდან, რომელიც ესპანეთში ყველაზე სველია და გასაკვირი არ არის, რომ მანჩესტერში ცხოვრება მისთვის რთული აღმოჩნდა.

მან გამოცემა The Guardian-თან განაცხადა: „ყველაზე მეტად ის მაღიზიანებდა, რომ 6 საათზე უკვე ღამდებოდა და მეგონა თითქოს 10 საათი იყო. ამასთან შეგუება შეუძლებელია.“

მარტოსული აგუერო

თუ ნოლიტოს მანჩესტერში აკლიმატიზაციისთვის 1 წელი ჰქონდა, კუნ აგუერომ „სიტიში“ 10 წელი გაატარა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. დღემდე, არგენტინელი ყოფილი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივრებს ძალიან უყვართ და ამას ყოველთვის ნათლად გამოხატავდნენ.

მიუხედავად ამისა, 2018 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი სახელად „ყველაფერი ან არაფერი“, სადაც აგუერომ განაცხადა, რომ მანჩესტერში თავს მარტოსულად გრძნობდა და თავისუფალ დროს ძირითადად სახლში იჯდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მასთან მისი და-ძმები და ნათესავები მიდიოდნენ. ასევე, კუნი ინგლისურად თითქმის ვერ საუბრობდა და გამუდმებით თარჯიმანი სჭირდებოდა.

ტევესი: „მანჩესტერს არაფერი აქვს“

2009 წელს ტევესმა „იუნაიტედი“ „სიტიში“ გაცვალა. მის გარშემო კი სკანდალი არ დასრულდა. 2012 წელს თავის გუნდს დაუპირისპირდა, როცა მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩის დროს, გახურებაზე უარი თქვა და სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ამის შემდეგ, კარლოსმა განაცხადა: „მანჩესტერს არაფერი აქვს. აქ გადმოსვლის შემდეგ, მეგობრები არ შემიძენია. როდესაც აქედან წავალ, აღარასდროს დავბრუნდები. მანჩესტერში შვებულებასაც კი არ გავატარებ.“

„ეს ყველაფერი საშინელება იყო“

როგორც ჩანს, მანჩესტერში ცხოვრება განსაკუთრებით არგენტინელებს უჭირთ. დი მარიამ „იუნაიტედში“ მხოლოდ 1 წელი გაძლო და შემდეგ „პარი სენ ჟერმენში“ გადაბარგდა. ანხელის ოჯახი გაძარცვეს და ეს მისი მეუღლისთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდა. მოგვიანებით ჟორჟელინა კარდოსომ აღიარა, რომ ის 1 წელი მის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დი მარიას „იუნაიტედიდან“ აბარგების მთავარი მიზეზი ვან გაალთან კონფლიქტი არ იყო. მისი მეუღლე გამუდმებით უბიძგებდა სხვა გუნდის პოვნისკენ.

მატა - ხელოვნების სცენა

იყვნენ უცხოელი ფეხბურთელები, რომლებსაც მანჩესტერში ცხოვრება მოსწონდათ. ამის მაგალითი ხუან მატაა, რომელიც „იუნაიტედს“ 2014 წელს „ჩელსიდან“ შეუერთდა.

მატამ ლონდონში ყოფნისას გახსნა ბლოგი, სადაც დედაქალაქში გატარებული გამოცდილების შესახებ წერდა და როდესაც მანჩესტერში გადავიდა საცხოვრებლად, ლირიკული სიტყვებით აფასებდა ქალაქის კულტურულ შეთავაზებებს. მან დაწერა აღფრთოვანებული სტატიები ქალაქის მაღაზიების შესახებ და ასევე იყო Whitworth Art Gallery-ის ხშირი სტუმარი.

ესპანელმა შემტევმა „იუნაიტედი“ 2022 წელს დატოვა და „გალათასარაიში“ წავიდა, მაგრამ მანჩესტერთან კავშირი მაინც შეინარჩუნა. მეტიც, ზამთარში ის დაბრუნდა და გახსნა სამხატვრო გამოფენა სახელწოდებით The Trequartista: Art and Football United, სადაც წარმოადგინა გერმანელი მხატვრის ტინო სეჰგალის ერთობლივი პერფორმანსული ნამუშევარი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ