თბილისის დინამო, სლავა მეტრეველი
Aa
Aa

სლავა თანახმა იყო, სიმამრი წინააღმდეგი - მეტრეველის დინამოში ტრანსფერის დეტალები

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი სლავა მეტრეველი 1963 წელს მოსკოვის „ტორპედოდან“ თბილისის „დინამოში“ გადავიდა, 1964 წელს თბილისის „დინამო“ ისტორიაში პირველად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, რაშიც სლავა მეტრეველის როლი უდიდესია.

იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში („საქართველოს დაბადებაში“) ბიზნესმენ ოთარ ლაზიშვილის შვილი, ირა ლაზიშვილი და ოთარ ლაზიშვილის ძმისშვილი, კოკა ლაზიშვილი სლავა მეტრეველის მოსკოვის „ტორპედოდან“ თბილისის „დინამოში“ გადასვლის დეტალებს იხსენებენ.

ოთარ ლაზიშვილი: „სლავა მეტრეველის ჩამოყვანაზე მხოლოდ ლაზიშვილების როლს უსვამენ ხაზს. ეს მართალი არაა, ირაკლი ნემსაძეს მის ჩამოყვანაში უზარმაზარი როლი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთობლივად მოხდა.

სლავა თავისი ბუნებით რუსი იყო, რუსულად მეტყველებდა. ცხადია, შემდეგ ქართული ისწავლა, თბილისში ცხოვრობდა.

სლავას მეუღლე ტანია იყო, სლავას სიმამრი გენერალი გახლდათ. სლავამ თქვა რომ ტანიას მოელაპარაკეთ, მე თანახმა ვარ თბილისის „დინამოში“ ვითამაშოო. ტანიასთან მოლაპარაკება გაძნელდა, მის მამას არ სურდა, რომ შვილი საქართველოში წასულიყო.

ტანია ითხოვდა, სად უნდა ვიყოთ, სად უნდა ვიცხოვროთ. სპორტკომიტეტმა ერთოთახიანი თუ ოთახნახევრიანი ბინა შესთავაზა, ტანია გადაირია. შემდეგ ნემსაძე-ლაზიშვილების კომბინაციით სლავა „დინამოში“ გადმოვიდა. ქორწინების სახლში თეზიკო (ოთარ ლაზიშვილი) მე-7 სართულზე ცხოვრობდა, სლავა - მეოთხეზე’’.

სლავა მეტრეველი 1936 წლის 30 მაისს სოჭში დაიბადა, 1955-56 წლებში გორკის „ტორპედოში“ თამაშობდა, 1956-1962 წლებში კი მოსკოვის „ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო. 1963 წელს თბილისის „დინამოში“ გადავიდა, კარიერა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში 1971 წელს დაასრულა.

სლავა მეტრეველის ტიტულები: სსრკ-ს ჩემპიონი (1960, 1964), სსრკ-ს თასი (1959-60), ევროპის ჩემპიონი (1960).

1960 წელს ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

1964 წელს სსრკ-ს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა. მეტრეველი ამ გუნდის წევრი იყო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები