კვარადონა, მისი ძმები და რუდი გარსია | ჯანლუკა დი მარციოს საიტის სტატია ხვიჩაზე
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდზე ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიძღვნილი სტატია გამოქვეყნდა. მისი ავტორი დამიანო ტუჩი გახლავთ და იგი „კვარას“ მიერ სერია A-ზე მოხდენილ გავლენაზე წერს.
„სიმორცხვე, ხელები სახეზე და იდუმალი გამომეტყველება. ხვიჩა კვარაცხელიას მიერ სერია A-ზე მოხდენილი გავლენა შეგვიძლია, სწორედ ამ მიმდევრობით აღვწეროთ. კვარამ ჩემპიონატის პირველ ტურში, ვერონასთან მატჩში, ნაპოლის ქამბექი დაიწყო და ლუჩანო სპალეტის ბიჭების საოცარი მოგზაურობის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა.
ვინ იყო ნამდვილი გმირი? პარტენოპეის 77 ნომერი, რომელმაც 43 შეხვედრაში 14 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მაგრამ საინტერესოა, როგორ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდამ მხარდაჭერა მარადონას სახელობის სტადიონს მიღმა? და რატომაა ამხელა მოლოდინი მის გარშემო მას შემდეგ, რაც რუდი გარსია დაინიშნა?
როგორ დაიბადა კვარადონა
ოპერაცია, რომლის შემდეგაც კვარაცხელიამ ნაპოლის მაისური მოირგო, დიდი ხნის წინ დაიწყო. 2020 წლის ზაფხულში, ნაპოლიმ გადატრიალების სუნი იგრძნო და ყაზანის რუბინს დაუკავშირდა, რათა ხვიჩას შესახებ ინფორმაცია მიეღო. რუსების პასუხი? 30 მილიონი ევრო. ნაპოლისა და ხვიჩას თანამშრომლობა გასულ ზაფხულს, 10 მილიონ ევროდ დაიწყო, რომელიც აურელიო დე ლაურენტისმა დინამო ბათუმს გადაუხადა. პარტენოპეის პრეზიდენტმა იუვეს, რომასა და სასუოლოს აჯობა და ნეაპოლელებს ლორენცო ინსინიეს იდეალური შემცვლელი მიუყვანა.
შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა. 2001 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა თავისი თამაშით, გადამწყვეტი გოლებით, გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილითა და რონალდინიოს, კაკასა და ლავეცის მსგავსი ხარისხით ქომაგთა გულები მალევე დაიპყრო. არის კიდევ სხვა საჭირო ინფორმაცია? მან და ვიქტორ ოსიმენმა ჯამში 45 გოლი გაიტანეს, რაც ევროპაში საუკეთესო შედეგი იყო. კვარა ახლოსაა გაუთანაბრდეს იმ გავლენას, რომელიც მარადონამ ნეაპოლში მოახდინა.
ხვიჩა და მისი ძმები - ასე იზრდება ქართული ფეხბურთი
სერია A-ს გასული სეზონის MVP-ის აფეთქებამ ქართული ფეხბურთი ინტერესის სფეროში მოაქცია. იტალიისთვის საქართველო ცნობილია ისეთი ბრწყინვალე მოთამაშეების აღზრდით, როგორებიც კახა კალაძე და ლევან მჭედლიძე არიან, კვარას წყალობით კი ქართული ფეხბურთი ჩვენი გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. კვარაცხელიას სამშობლოში ნაპოლის ბევრი გულშემატკივარი გაუჩნდა და ქართული ფეხბურთის წინსვლა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დროსაც გამოჩნდა, რომელმაც გიორგი მამარდაშვილისა და ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალება შესანიშნავად წარმოაჩინა.
რუდი გარსია
ლუჩანო სპალეტის წასვლა და რუდი გარსიას დანიშვნა, იტალიის ჩემპიონისთვის კარგ გამოცდას წარმოადგენს, რათა საკუთარი შესაძლებლობები 4-3-3 ტაქტიკაში დაამტკიცოს. წნეხი იზრდება და გამონაკლისი არც კვარაცხელიაა, რომელსაც რთული დავალება აქვს. ხვიჩამ მეორე სეზონში საკუთარი სტაბილურობა უნდა აჩვენოს და ევროპაში თავი დაიმკვიდროს. გამოწვევა მიღებულია, კვარა ეცდება, ისევ კვარადონა იყოს“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.