ინგლისი ნახევარფინალშია - ახლა საფრანგეთის ჯერია
საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე U21 ევროპის ჩემპიონატზე დღეს 1/4 ფინალური ეტაპის მესამე მატჩი გაიმართა.
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ინგლისის ნაკრები პორტუგალიის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან თუ ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში გასვლას მოახერხებდა, რამაზ სვანაძის გუნდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს შეინარჩუნებდა.
საბედნიეროდ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ქართველი გულშემატკივარი ისურვებდა და 34-ე წუთზე, ენტონი გორდონის გოლის წყალობით, ინგლისმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ახლა ყველაფერი საფრანგეთის ნაკრებზე იქნება დამოკიდებული. დღესვე, საქართველოს დროით 23:00 საათზე ფრანგები 1/4 ფინალური ეტაპის დასკვნით მატჩში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე მოსახვედრად გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს.