„მესმოდა: თქვენ უმაღლესი ლიგიდან გავარდებით...“ - თეთრაძემ საბურთალოზე ისაუბრა
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ რუსულ Bobsoccer-თან ინტერვიუში მიმდინარე სეზონზე ისაუბრა. ასევე, გაიხსენა „საბურთალოში“ მისვლის მომენტი, როცა ბევრი მის თბილისურ კლუბში მუშაობას პესიმისტურად უყურებდა, თუმცა სეზონის პირველ ნახევარში „საბურთალომ“ შესანიშნავად ითამაშა, 11-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შემოგვთავაზა და მხოლოდ ლიდერ ბათუმის „დინამოს“ ჩამორჩება.
ომარ თეთრაძე: „როცა „საბურთალოში“ მივედი, ბევრმა მითხრა: სად წახვედი? გუნდი არ არსებობდა, ორი წამყვანი მოთამაშე გაყიდული იყო. მესმოდა: თქვენ უმაღლესი ლიგიდან გავარდებით... კლუბში მოვედი და მცოდნე ხალხი ავირჩიე ჩემს გუნდში, ისინი ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან: სპორტული დირექტორი ლევან სილაგაძე, წარსულში „რუბინში“ თამაშობდა, გუნდის უფროსია მიხეილ კალატოზიშვილი, კახა ამირიძე გენერალური დირექტორი გახდა. ასისტენტად გიორგი ნავალოვსკი მივიწვიე, რომელიც რუსეთში თამაშობდა. სეზონის პირველი ნახევარი მეორე ადგილზე დავასრულეთ, თუმცა შეგვეძლო პირველზე ვყოფილიყავით, 11-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია გვქონდა.
არ გვაქვს ბაზა, არ გვაქვს მინდორი. ყველაფერს ვქირაობთ. ზოგჯერ, მე როგორც მწვრთნელს, დღეში ორი ვარჯიშის ჩატარება არ შემიძლია, თუმცა ეს ჩემი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის აუცილებელია. სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა, თამაშები 3-4 დღეში ერთხელ გვქონდა, ორჯერადი ვარჯიშებისთვის დრო არ იყო: თამაში, აღდგენა, თამაში...
სეზონის მეორე ნახევარი აგვისტოში დაიწყება, ორჯერადი ვარჯიშები აუცილებელია, რადგან კვირაში ერთი მატჩია. აუცილებელია ფორმა შეინარჩუნა და განვითარდე. ამ კუთხით პრობლემა გვაქვს, მინდორს საათნახევრით ვქირაობთ, შემდეგ კი მინდორი უნდა დატოვო, სხვები შემოდიან. ბიჭებს ინდივიდუალური მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. საკმარისი რაოდენობის მინდვრები არაა და ფაქტობრივად ყველა გუნდი თბილისშია“.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 19 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 42 ქულით პირველ ადგილზეა, „საბურთალო“ 38 ქულით მეორე ადგილზეა. „საბურთალომ“ 11-მატჩიანი დაუმარცხებელია სერია მე-19 ტურში ბათუმის „დინამოსთან“ მარცხით დაასრულა (2:1).
მასალაში გამოყენებულია „საბურთალოს“ პრესსამსახურის ფოტოები