სვანაძე: “ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ თაობის იმედი უნდა გქონდეთ“
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველომ ისრაელს უმასპინძლა და სამწუხაროდ პენალტების სერიაში 3:4 დამარცხდა. ძირითადი და დამატებითი დრო კი 0:0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა.
სვანაძე:
„მიჭირს საუბარი, წაგება თამაშის ნაწილია, მაგრამ მეტს ვიმსახურებდით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა. მათი მენტალიტეტი და პროფესიონალიზმი მაიმედებს. თამაშის შემდეგ მადლობა გადავუხადე ევრო 2023-ზე გატარებული თითოეული დღისთვის.
რაც შეეხება ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს, ხვალინდელ თამაშზე ვართ დამოკიდებული. დღეს შეტევაში მეტი სითამამე და დამაგვირგვინებელი მოქმედებები დაგვაკლდა.
მაგრამ მეორეცაა – დაღლილები ვიყავით ფიზიკურად, ბიჭებს დიდი დატვირთვა ჰქონდათ. მათ თავდადებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა გულშემატკივარს, ჩვენს სტაფს, ფეხბურთის ფედერაციას. ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ თაობის იმედი უნდა გქონდეთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველად იმყოფებოდა. რამაზ სვანაძის შეგირდები სიკვდილის ჯგუფიდან გავიდნენ, სადაც საქართველოსთან ერთად პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებები იმყოფებოდნენ.
წყარო - 1TV