ოფიციალურად | კრისტიანო ჯუნტოლიმ ნაპოლი დატოვა
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გაჩარხვაში უდიდესი როლი ითამაშა, პოსტი დატოვა. ამის შესახებ „პარტენოპეის“ ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
„ნაპოლი კრისტიანო ჯუნტოლის კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან, აღმასრულებელ დირექტორთან, ანდრეა კიაველისთან და მწვრთნელებთან, რომლებიც პარტენოპეის ედგნენ სათავეში, 8-წლიანი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის“, - ნათქვამია ნეაპოლელთა განცხადებაში.
Il Calcio Napoli ringrazia Cristiano Giuntoli per gli 8 anni di collaborazione con il Presidente Aurelio De Laurentiis, con l’Amministratore Delegato Andrea Chiavelli e con gli allenatori che hanno guidato la squadra. pic.twitter.com/4wfIOY6UHG
— Official SSC Napoli (@sscnapoli) June 30, 2023
შეგახსენებთ, რომ ჯუნტოლი აურელიო დე ლაურენტისს ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა და კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის უაღრესად დაძაბული ვითარება იყო და ეს რუდი გარსიას მწვრთნელად დანიშვნისას კიდევ ერთხელ დადასტურდა. Calciomercato-ს ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ჯუნტოლისთვის არ შეუტყობინებია, რომ რუდი გარსიას ნიშნავდა. „პარტენოპეის“ სპორტულმა დირექტორმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისე შეიტყო, როგორც ყველა დანარჩენმა - „ტვიტერზე“ „ნაპოლის“ ოფიციალური პოსტი ნახა.
კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორად 2015 წლის ზაფხულიდან მუშაობდა. მისი და ლუჩანო სპალეტის წვლილი „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესია, თუმცა ორივე ახალ სეზონში კლუბში არც ერთი მათგანი არ იმუშავებს.